„მიუხედავად იმ მოლოდინისა, რაც ჰქონდა „ქართულ ოცნებას“, რომ ტრამპის მოსვლის შემდეგ მოხდებოდა აშშ – საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვა, ასე არ მოხდა. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა ერთი შეხედვით იდეოლოგიური თანხვედრის ფონზე ტრამპის და „ქართული ოცნების“ რიტორიკას შორის,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია, რომელსაც „ბათუმელები“ მეგობარი აქტის მხარდაჭერაზე ესაუბრა.
პოლიტიკის ანალიტიკოსი აქტის მხარდამჭერი ამერიკელი კონგრესმენების რაოდენობაზეც ამახვილებს ყურადღებაზე – „მეგობარ აქტს“ 349 კონგრესმენმა დაუჭირა მხარი. კორნელი კაკაჩია საუბრობს იმაზეც, რომ ეს მხარდაჭერა ორპარტიული იყო.
რა იცვლება „ქართული ოცნებისთვის“ და საქართველოსთვის „მეგობარი აქტის“ მხარდაჭერით? – „ბათუმელები“ ამ თემაზე „პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელს, კორნელი კაკაჩიას ესაუბრა.
- ბატონო კორნელი, აშშ–ის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტს“ მხარი დაუჭირა. რა მნიშვნელობისაა ეს მხარდაჭერა დღევანდელი კონტექსტის გათვალისწინებით?
მიუხედავად იმ მოლოდინისა, რაც ჰქონდა „ქართულ ოცნებას“, რომ ტრამპის მოსვლის შემდეგ მოხდებოდა აშშ – საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვა, ასე არ მოხდა. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა ერთი შეხედვით იდეოლოგიური თანხვედრის ფონზე ტრამპის და „ქართული ოცნების“ რიტორიკას შორის: ბოლო პერიოდში „ოცნება“ აქტიურად ცდილობდა თავისი რიტორიკა მიემსგავსებინა ტრამპის რიტორიკისთვის გარკვეული პოლიტიკური დივიდენდების მიღების მოლოდინში.
მოსალოდნელია, რომ რამდენიმე კვირაში სენატიც უყრის კენჭს ამ გადაწყვეტილებას. დიდი ალბათობით ამ აქტს სენატიც დაამტკიცებს, შემდეგ კი, გარკვეული დრო დასჭირდება იმას, რომ ტრამპმა გადაწყვიტოს, ხელს მოაწერს თუ არა. ეს გრძელვადიანი პოლიტიკური პროცესია, მაგრამ ეს პროცესი დაიწყო.
„ქართულ ოცნებას“ ჰყავდა დაქირავებული ლობისტური ჯგუფები, მაგრამ, როგორც ჩანს, ამას არ ჰქონდა ის გავლენა, რასაც „ოცნებაში“ მოელოდნენ.
ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ „მეგობარ აქტს“ 349 კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, მათ შორის, 168 რესპუბლიკელია, 181 – დემოკრატი. ასევე, 42 მოწინააღმდეგეს შორის 34 იყო რესპუბლიკელი და 8 – დემოკრატი.
- ხაზს უსვამთ იმას, რომ ტრამპის პარტიამაც აქტიურად დაუჭირა მხარი „მეგობარ აქტს“?
ასეა. ორპარტიული მხარდაჭერა იმას ნიშნავს, რომ ეს პროცესი თანდათან შეუქცევადი ხდება, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს „ქართული ოცნების“ იზოლაციას.
ეს იზოლაცია დიდი ხანია დაწყებულია ევროკავშირთან ურთიერთობაში. ევროპას ფაქტობრივად „ოცნება“ ეუბნება: გვინდა ვიყოთ აზერბაიჯანის მსგავსი, ავტოკრატიული სახელმწიფო, საჭიროა უბრალოდ, რომ თქვენ აღიაროთ ეს რეალობა. „ოცნებას“ იმედი ჰქონდა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ კიდევ უფრო ადვილი გახდებოდა დასავლეთთან ტრანზაქციულ ურთიერთობებში შესვლა, რადგან ტრამპისთვის საქართველო არაა მნიშვნელოვანი და დემოკრატიის წინ წაწევა არ არის მისი ადმინისტრაციის პრიორიტეტული მიზანი.
გეოპოლიტიკურად დღეს არსებული რთული მდგომარეობა ზოგადად ხელს უწყობს „ქართულ ოცნებას“ მთლიანობაში: ტრამპის პოლიტიკა უკრაინის მიმართ, რუსეთის მიმართ, თუმცა ამ გადაწყვეტილებით არ დადასტურდა, რომ საქართველოსთან მიმართებითაც აუცილებლად მოხდებოდა ცვლილებები აშშ-ს ადმინისტრაციის მხრიდან.
- 349 კონგრესმენის, ანუ ამ მასშტაბის მხარდაჭერა ნიშნავს იმას, რომ მაღალია შანსი, ტრამპმა „მეგობარ აქტს“ ხელი მოაწეროს?
ამის თქმა წინასწარ რთულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუ სენატმა დაუჭირა მხარი „მეგობარ აქტს“, აშშ-ს პრეზიდენტს გაუჭირდება უარის თქმა, მით უმეტეს, როცა არსებობს ორპარტიული მხარდაჭერა. თუ ტრამპს არ ექნება პერსონალური ინტერესი, დიდია შანსი, რომ მან ამ აქტს ხელი მოაწეროს.
არ არის გამორიცხული, ამ გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო დაამძიმოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების და მედიის მდგომარეობა. რატომღაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ჰგონია, რომ რაც უფრო ძლიერდება ზეწოლა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ავტოკრატიულ მმართველობაზე, მან კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს და დრაკონული კანონებით ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებაზე, თავისუფალ მედიაზე, უბრალოდ მოქალაქეებზე.
ასე რომ, ერთი შეხედვით, კარგი ამბავია „მეგობარი აქტის“ მხარდაჭერა, თუმცა სავარაუდოდ ქვეყანაში კიდევ უფრო დამძიმდება ისედაც მძიმე მდგომარეობა.
- თავად ივანიშვილის მდგომარეობა არ დამძიმდება?
რა თქმა უნდა, მაგრამ უფრო საშუალოვადიან პერიოდში, მოკლევადიან პერიოდში კი, მაგალითად, თვის ბოლოს, რაჟდენ კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიუროში ახალი კანონის ამოქმედების საკითხზე ექნება შეხვედრები…
ძალიან მნიშვნელოვანია ამჯერად: განაგრძობენ რეპრესიულ მიდგომას და ისე მიიტანენ აგრესიას სამოქალაქო საზოგადოების და მედიის მიმართ, თუ ეს იქნება გარკვეულწილად იმის ნიშანი, რომ ისინი სადღაც უნდა გაჩერდნენ?!
შეერთებული შტატებიდან თუ ევროკავშირიდან ზეწოლა ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ რეჟიმის საერთაშორისო იზოლაცია შეუქცევადია. თუ ამას მოჰყვა ფინანსური სანქციებიც, ეს ნიშნავს, რომ მმართველ პარტიაში ერთიანობის შენარჩუნების რისკი იზრდება.
ამიტომაც, „ქართული ოცნება“ ეცდება მოკლევადიან პერიოდში გადატეხოს ეს წინააღმდეგობა, რათა მანამდე მოახდინოს ავტორიტარული მმართველობის კონსოლიდაცია.
- შეიძლება „ქართული ოცნება“ მზად იყოს ამ მასშტაბის იზოლაციისთვის?
ეს იზოლაცია უცებ არ მოხდება. „ქართულ ოცნებას“ აქვს ცდუნება, ძალისმიერი გზით ჩაახშოს ეს პროტესტი. „ოცნებაში“ ჰგონიათ, რომ ადვილად მოახერხებენ საპროტესტო მოძრაობის მოშთობას. ისინი მზად არიან ოპოზიციური პარტიების გასაუქმებლადაც, უბრალოდ ელოდებიან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და მის შედეგებს როგორ მიიღებს დასავლეთი. მერე უკვე დაანონსებული პარტიების აკრძალვაც არ იქნება გამორიცხული.
ამ ეტაპზე ვერ ვხედავ, რომ „ოცნებამ“ ასე სწრაფად უკან დაიხიოს, თუ ძირეული ცვლილებები არ მოხდა ქვეყნის შიგნით. „მეგობარი აქტი“, ერთის მხრივ, იმედის მომცემია, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ ხელისუფლებამ ჯავრი ისევ საქართველოს მოსახლეობაზე იყაროს.
- „მეგობარი აქტის“ მხარდაჭერა აჩვენებს თუ არა იმას, რომ აშშ-ის ინტერესი ნარჩუნდება არამხოლოდ საქართველოზე, არამედ შავი ზღვის რეგიონზე?
როცა არსებობს ორპარტიული მხარდაჭერა, ეს მიუთითებს იმაზე, რომ არ დასტურდება მოლოდინი, თითქოს შტატების ინტერესი საქართველოსთან მიმართებით ჩაიხსნებოდა და ვაშინგტონი უბრალოდ დაუთმობდა რუსეთს ან ჩინეთს სტრატეგიულ გავლენებს რეგიონში.
თუმცა გამოკვეთილი არ არის ტრამპის ადმინისტრაციის ინტერესი. ამ ეტაპზე ჩანს , რომ საქართველო არ არის მისი პრიორიტეტი, მისთვის უფრო მნიშვნელოვანია სხვა გლობალური საკითხები, მათ შორის – უკრაინა.
თუ ავტოკრატიულმა მმართველობამ საქართველოში განაგრძო რეპრესიები და ამან უკვე შეუქცევადი ხასიათი მიიღო და ამას მოჰყვება ფლირტის გაგრძელება ჩინეთთან, არ არის გამორიცხული, შეერთებულმა შტატებმა და ტრამპის ადმინისტრაციამაც შეცვალოს პოლიტიკა საქართველოს მიმართ და უკვე სხვა ტიპის პოლიტიკა აწარმოოს.
ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, ჩვენ არ ვართ ტრამპის ადმინისტრაციის პრიორიტეტული ინტერესი, მაგრამ ვართ კონგრესის, სახელმწიფო დეპარტამენტის, აშშ-ს სხვა სახელმწიფო სტრუქტურების ინტერესი.
- თქვენი აზრით, რამდენად ანგარიშგასაწევი შეიძლება აღმოჩნდეს აშშ–ს ეს ნაბიჯი „ოცნებისთვის“? ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ მაგალითად ჩინეთს ანაკლიის პორტზე იმიტომ არ უფორმებენ ამ დრომდე ხელშეკრულებას, რომ ივანიშვილს აშშ-ის დამოკიდებულება აშინებს.
თუ „ქართულმა ოცნებამ“ გაბედა და შტატებთან პირდაპირ კონფრონტაციაში შევიდა, ეს მას კიდევ უფრო გაურთულებს სიტუაციას არამარტო საერთაშორისო დონეზე, არამედ ქვეყნის შიგნითაც.
„ოცნება“ ცდილობდა შეერბილებინა პოზიცია იგივე ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, თუმცა რაც უფრო უჭერენ ქართულ საზოგადოებას ავტოკრატიულ მარწუხებს და ქვეყანას უსპობენ დემოკრატიულ მომავალს, მით უფრო რთულდება პარტნიორების მხრიდან ამ ხელისუფლებისადმი ხელის ჩამორთმევა.
მოლაპარაკებები „ქართულ ოცნებასთან“ რთულდება იქიდან გამომდინარე, რომ ის, რაც ქვეყანაში ხდება, საბოლოოდ გავლენას ახდენს ქვეყნის იმიჯზე. არა მგონია, რომ რაღაც დათმობებზე წამოვიდეს შეერთებული შტატები, სანამ ქვეყანა არ დაუბრუნდება დემოკრატიული განვითარების გზას. პირველ რიგში, ეს დაკავშირებულია ისეთ საკითხებთან, როგორიცაა: კანონის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა, მედიის თავისუფლება, ადამიანის უფლებები, ზოგადად ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ჩარჩოში დაბრუნება.
ყველაზე მთავარი ამ პროცესში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და რეპრესიული კანონების უკან გაწვევაა. „მეგობარი აქტი“ ითვალისწინებს იმასაც, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება დემოკრატიული განვითარების გზას, მაშინ პირიქით, გაძლიერდება თანამშრომლობა. ამიტომაც ჰქვია მას „მეგობრობის აქტი“ და უკვე სხვა სიმაღლეზე ავა ორმხრივი ურთიერთობები. ამას დაემატება საკანონმდებლო და ბევრი სხვა კომპონენტი, რაც მთლიანობაში გაზრდის ჩვენს უსაფრთხოებას და ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობას.
- ივანიშვილი რა გათვლით მოქმედებს, რომ თუ წინააღმდეგობას ჩაახშობს, საბოლოოდ დასავლეთი მასთან ითანამშრომლებს?
ივანიშვილს სურს, რომ აღიარონ, როგორც ავტოკრატიული სახელმწიფო, სადაც ის იქნება განუსაზღვრელი ვადით, როგორც ეს სხვა ავტოკრატიულ ქვეყნებშია. მას აქვს მოსაზრება, რომ საქართველო თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობით იმდენად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით უკრაინის ომის ფონზე და შუა კორიდორის გათვალისწინებით, რომ დასავლეთი წავა დათმობაზე და უარს იტყვის ფასეულობებზე დამყარებულ საგარეო პოლიტიკაზე.
ივანიშვილს აქვს მოლოდინი, რომ ამ შემთხვევაში დასავლეთს ექნება ტრანზაქციული ურთიერთობები საქართველოსთან, რა ურთიერთობაც აქვს, მაგალითად, ევროკავშირს აზერბაიჯანთან.
მთავარი განსხვავება აქ ისაა, რომ აზერბაიჯანს აქვს ნავთობი, გაზი და ეს სჭირდება ევროკავშირს. საქართველოს ამ კუთხით რუსული სტილის ავტორიტარიზმის გარდა არაფრის შეთავაზება არ შეუძლია დასავლეთისთვის. ერთადერთი, რასაც საქართველო სთავაზობდა ევროპას და ამერიკას და იქცევდა ყურადღებას, ის იყო, რომ საქართველო იყო დემოკრატიის ერთგვარი კუნძული, ფორპოსტი ამ რეგიონში დასავლეთისთვის.
ივანიშვილს უნდა, რომ საქართველო, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, დააბრუნოს ჩვეულებრივ, პოსტსაბჭოთა სახელმწიფოდ, დავბრუნდეთ ნაცრისფერ ზონაში, სადაც 30 წლის წინ ვიყავით და ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ივანიშვილმა შეძლოს ხელისუფლების შენარჩუნება განუსაზღვრელი ვადით.
- რა მნიშვნელობას იძენს ახლა წინააღმდეგობა?
რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია წინააღმდეგობის შენარჩუნება. შესაძლოა, შტატების ამ გადაწყვეტილებას მიბაძონ სხვა ქვეყნებმა: არაა გამორიცხული ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და ევროკავშირის სხვა სახელმწიფოებმაც გამოიყენონ ეროვნული სანქციები, რაც კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ჩააგდებს „ქართულ ოცნებას“.