თბილისის მერია „500-ლარიანი მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამას განაგრძობს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

მისივე თქმით, საპენსიო ასაკის სოციალურად დაუცველი მოქალაქე ჯანმრთელობის ცნობის წარდგენის საფუძველზე, მისთვის გამოწერილ მედიკამენტებს სასურველ აფთიაქში იღებს.

„მერიის „500-ლარიანი მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში, დღეის მდგომარეობით, დაფინანსებულია 125 966 მომართვა. აღნიშნული პროგრამა 2022 წლიდან ხორციელდება და საპენსიო ასაკის სოციალურად დაუცველი პირებისთვისაა განკუთვნილი.

მედიკამენტები გაიცემა ექიმის დანიშნულებისამებრ. მოქალაქე ჯანმრთელობის ცნობა #100-ით, მისთვის გამოწერილ მედიკამენტებს სასურველ აფთიაქში იღებს. წლის განმავლობაში, ერთ ბენეფიციარს პროგრამის ფარგლებში, 500 ლარის მედიკამენტის მიღება შეუძლია. პროგრამის 2024 წლის ბიუჯეტი 9 864 000 ლარია. პირველ რიგში, ჯანმრთელობა მინდა ვუსურვო ყველას. დედაქალაქის მერია მზადაა,  გვერდში დაგიდგეთ და მდგომარეობა შეგიმსუბუქოთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.