„არ შეიძლება ვცხოვრობდეთ სტიქიიდან სტიქიამდე, პრევენციული ღონისძიებები არის გასატარებელი“, - ამის შესახებ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა და უხვი ნალექის შედეგად ურბანულ დასახლებებში შექმნილ პრობლემებზე ისაუბრა.
ინფორმაციისთვის, გასულ კვირას აჭარაში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ქუჩები. ადგილობრივები მიუთითებდნენ ზღვის უჩვეულო შეფერილობაზეც.
როგორც მაშინ ნინო ჩხობაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავდა, შესაძლოა, წინა დღეებში მოსული უხვი ნალექის შედეგად, მდინარეებიდან ჩარეცხილი თიხა და ქვიშა გამოირიყა სანაპირო ზოლზე.
უხვმა ნალექმა გასული ორი დღის განმავლობაში, პრობლემები შექმნა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტშიც, სადაც რამდენიმე სოფელი დაიტბორა.
ჩხობაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ უკვე დიდი ხანია, რაც სახეზე გვაქვს კლიმატური ცვლილებების შედეგი - ექსტრემალურად მაღალი სიცხეები, წყალმოვარდნები, მეწყერები და ა.შ.
მისი თქმით, სწრაფად ცვალებადი კლიმატური გარემოს ფონზე, რთულია წინასწარ იმის პროგნოზირება, თუ რა პროცესებთან შესაძლოა, გვქონდეს საქმე, აქედან გამომდინარე, ის ხაზს უსვამს სტიქიებისთვის წინასწარ მომზადების აუცილებლობაზე:
„ურბანულ დასახლებებში ყველაზე მძიმე პრობლემა კვლავაც არის წყლის მიწოდება და მასთან დაკავშირებული პრობლემები. არსებული ინფრასტრუქტურა მოითხოვს განახლებას. თბილისის ბევრ ქუჩაზე განახლდა და გაკეთდა ახალი სისტემები, მაგრამ ახლა გასაკეთებელია კიდევ ბევრ უბანში. ამასთანავე, ჩვენ სრულად კანალიზებული არ გვაქვს თბილისიც კი. კვლავაც პრობლემური საკითხია ქალაქების საკანალიზაციო-სანიტარიული მდგომარეობა, არამარტო თბილისში, არამედ ყველა ურბანულ ადგილას. მცირე რაოდენობით გვაქვს გამწმენდი ნაგებობებიც,
არ შეიძლება ვცხოვრობდეთ სტიქიიდან სტიქიამდე, პრევენციული ღონისძიებები არის გასატარებელი თითქმის ყველგან. ხან დიდი თოვლი მოვა, ძალიან უხვი ნალექი და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. სამწუხაროდ, ამჟამად ჩვენი სანიაღვრე სისტემების გამტარობაც კი არ არის მაღალი და ძალიან ბევრ შემთხვევაში ვუყურებთ დატბორილ ქუჩებს ბევრ ქალაქში. აქედან გამომდინარე, ეს დაკავშირებულია ქალაქებისა და მიმდებარე ტერიტორიების განაშენიანებასთან. უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ნაპირებთან ნაგებობების აშენება არ არის მიზანშეწონილი, რადგან ძლიერი წყალმოვარდნის შედეგად მდინარეები გამოდიან კალაპოტიდან. საჭიროა სისტემური მიდგომები და სადაც არ უნდა იყოს ნაგებობა, იქ არ უნდა აშენდეს, რადგან ადრე თუ გვიან რამე მოხდება ამ ნაგებობასთან დაკავშირებით.
კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით გრძელვადიან პროგნოზებს ვერც ერთი მეტეოსამსახური ვერ გააკეთებს, იქიდან გამომდინარე, რომ სწრაფად იცვლება პირობები“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ ნინო ჩხობაძემ.