კახეთში მდებარე ტურისტული სივრცე Melaanian vintage- ის დამფუძნებელი, თეო თაბორიძე ამბობს, რომ აზიური ბაზარი მის ტურისტულ ობიექტში ჯერჯერობით არ დომინირებს და აღნიშნავს, რომ ამ სეგმენტის ინტერესები არსებითად განსხვავდება ევროპელი ტურისტების ინტერესებისგან.

როგორც ის BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განმარტავს, აზიელ სტუმრებს სხვა ტიპის განთავსების ობიექტები იზიდავთ და მათთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია საქართველოს კულტურული და ისტორიული უნიკალურობა.

„რამდენჯერმე იყო აზიელი სტუმრების ჯავშანი, თუმცა დეტალური კომუნიკაციის შემდეგ თავადვე გადაწყვიტეს, რომ ეს სერვისი მათი საჭიროებისთვის შესაფერისი არ იყო“, - აცხადებს თაბორიძე.

მისი თქმით, ტურიზმის დარგისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის ყველაზე სერიოზული გამოწვევა ევროპელი ტურისტების ნაკადის შემცირებაა, რადგან დასავლელი სტუმრები საქართველოს მთავარი მიზნობრივი სეგმენტია. თეო თაბორიძე ამბობს, რომ ევროპელი ტურისტები აფასებენ ავთენტურ გარემოს, ეკო-მდგრადობას, კულტურას, გასტრონომიას და ამ მიმართულებებში მნიშვნელოვან თანხებსაც ხარჯავენ.

„წლების განმავლობაში უზარმაზარი შრომა ჩაიდო, რომ დასავლეთს საქართველო თავისი სტუმარმასპინძლობით, ბუნებით და გასტრონომიით აღმოეჩინა. ახლა, როცა ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ჩვენ ვკარგავთ იმ სეგმენტს, ვინც არა მხოლოდ ღამის თევასა და კვებაზე, არამედ დამატებით სერვისებზეც ხარჯავდა ფულს - იქნება ეს მასტერკლასი, საფეხმავლო ტურები, ჩაი თუ ღვინო.

წყალში იყრება შრომა, რომელიც ქვეყნის პოპულარიზაციაში ჩაიდო. შემოდის აზიური ბაზარი, რომელსაც არ აინტერესებს, მაგალითად, აგერ ალავერდი რამდენ საუკუნეს ითვლის, ან ეს თუშეთის ხელუხლებელი გარემო. მათთვის ეს არაფერი არ არის“, - განმარტავს თაბორიძე.

მისი შეფასებით, აზიური ბაზრის გააქტიურება ვერ ანაცვლებს დასავლურ სეგმენტს, რადგან ამ ტურისტებისთვის საქართველოს ავთენტური და კულტურული ფასეულობები უმეტეს შემთხვევაში ნაკლებად საინტერესოა.

bm.ge