დიდუბის (ქართული ოცნების) მაჟორიტარი დეპუტატის, გივი ჩხარტიშვილის თქმით, ე.წ. ვაგზლის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის გამო, თოდუას კლინიკიდან პაციენტების გადანაწილება მოხდა. ჩხარტიშვილის ცნობით, ზარალის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.
"ცეცხლი არის ლიკვიდირებული. პატარ-პატარა კერებია, სადაც სამაშველო მუშაობს და, რა თქმა უნდა, თითოეულ მათგანს დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ. ზარალზე ადრეა საუბარი. არის კერძო ტერიტორია დამწვარი და ველოდებით დამატებით ინფორმაციას, თუ რა ფართობზეა საუბარი. ძლიერი დაკვამლიანებიდან გამომდინარე, საჭირო გახდა, რომ თოდუას კლინიკიდან მომხდარიყო პაციენტების გადანაწილება". - თქვა ჩხარტიშვილმა.
სახანძრო-სამაშველო მთავარი სამმართველოს უფროსის, ლევან მუსელიანის თქმით, ბორჯომის ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ამჟამად ლიკვიდირებულია, ხოლო დაშავებულების შესახებ, ამ ეტაპზე, ინფორმაცია არ აქვთ.
მუსელიანის ცნობით, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კლინიკებიდან მოხდა პაციენტების ევაკუაციაც.
თბილისში, ე.წ. ვაგზლის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი 30 აპრილს დილით გაჩნდა, ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უდასტურებენ, რომ ამ დროისთვის ხანძარი მეხანძრე-მაშველებმა სრულად ჩააქრეს.
წყარო: tabula.ge