აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრ ზაზა შავაძეს სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის  მართვის ცენტრის უფროსმა დავით აშორდიამ მავნებელთან ბრძოლის  მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

აღინიშნა, რომ, წინა წლების წარმატებული გამოცდილების გათვალისწინებით, გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლებთან. ამავდროულად, შედეგების გასაუმჯობესებლად, ხელვაჩაურში, მავნებელთან ბრძოლის ცენტრში, დამატებითი სპეციალიზებული ტექნიკა იქნება მობილიზებული. „დამატებითი ტექნიკა საშუალებას მოგვცემს, უწყვეტ რეჟიმში გავაგრძელოთ პრევენციული და კონტროლის ღონისძიებები“, - აღნიშნა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ.

სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ, ფაროსანასთან ბრძოლის  მართვის ცენტრის უფროსმა დავით აშორდიამ და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაძემ ხელვაჩაურში, მავნებელთან ბრძოლის ცენტრში მობილიზებული ტექნიკა დაათვალიერეს და რეგიონული ჯგუფის უფროსებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონის მსგავსად, მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს აჭარაშიც. ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში განთავსებულია მონიტორინგის სისტემები და სპეციალური სადგურები („მოიზიდე და გაანადგურე” სადგურები), ტარდება წერტილოვანი წამლობები ცივი შესხურების მეთოდით, სოფლების ტერიტორიები თერმული ნისლის ტექნოლოგიით მუშავდება. 

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს