ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, გამყვან ტურიზმზე  მოთხოვნა იზრდება. როგორც „კომერსანტს“ Turebi.ge-ის წარმომადგენელმა განუცხადა, ძირითადი მოთხოვნა თურქეთისა და საბერძნეთის საზღვაო კურორტებზეა, რაც ზაფხულის სეზონის დაწყებით არის განპირობებული.

რაც შეეხება ფასებს, მათი თქმით, გასულ წელთან შედარებით მასშტაბური გაძვირება არ ფიქსირდება და უცხოეთში დასვენებას საქართველოს მოქალაქეები საშუალოდ 1000-2500 ლარად შეძლებენ.

,,გამყვან ტურებზე მოთხოვნა საკმაოდ გაზრდილია, ძირითადი მოთხოვნაა თურქეთის საზღვაო კურორტებსა და საბერძნეთზე, ამ მიმართულებით მოთხოვნა ყოველთვის მაღალია, თუმცა ზაფხულის მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო გაიზარდა. ფასები დაახლოებით ისეთივეა, როგორც გასულ წელს: 1000-2500 ლარამდე. ასევე, ზაფხულის გათვალისწინებით ძალიან დიდია მოთხოვნა კვიპროსის მიმართულებითაც. ევროპის ქვეყნების მიმართულება  ყოველთვის აქტუალურია, წელიწადის ნებისმიერ დროს და მოთხოვნა ყოველთვის მაღალია”,- აღნიშნა Turebi.ge-ის წარმომადგენელმა.