„ქვეითთა მიმართ ჯარიმების ფულადი ნაწილის გამკაცრება მისასალმებელი ფაქტია, თუმცა როცა ადამიანს სანქციის საფრთხის წინაშე აყენებ, როგორც მინიმუმ, მას საამისო განათლების მიღების საშუალებაც უნდა ჰქონდეს“, - აცხადებს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, მევლუდ მელაძე „ბიზნესპრესნიუსთან“.
ცნობისთვის, პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომლის თანახმად, ე.წ. დრიფტისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს დაეკისრება.
„სიმართლე გითხრათ, დრიფტის აკრძალვაში რას გულისხმობენ, არ მესმის, რადგან ეს ექსტრემალური ილეთების შესრულების ერთ-ერთი ნაწილია. თუკი სახიფათო მანევრს აკეთებ, ისედაც ჯარიმდები, ამიტომ კონკრეტულად დრიფტის კანონში ჩაწერა, საჭიროდ არ მიმაჩნია. მით უმეტეს, რომ ამ შემთხვევაში საქმე სუბიექტურ აღქმამდე დავა - მე ვიტყვი, რომ კონკრეტული მანევრი დრიფტი არაა და უბრალოდ მართვის სტილის შემადგენელი ნაწილია, ისინი კი მეტყვიან, რომ ეს დრიფტია და თავიანთ არგუმენტებს მოაყოლებენ.
სავარაუდოდ, კონკრეტულად ამ ტერმინის კანონში შეტანა ემსახურება იმას, რომ თუკი ადამიანი სახიფათო ან უჩვეულო მანევრს გააკეთებს, ყველა ასეთს დრიფტის კატეგორიაში გაიყვანენ და საკითხებიც ასე მოგვარდება. ეს ყველაფერი რამდენად სამართლიანია, თავად შეგიძლიათ გადაწყვიტოთ“.
კიდევ ერთი სიახლე, რომელსაც უკვე კანონის სახე აქვს - საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობისთვის, აგრეთვე საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფისთვის, ქვეით 10 ლარის ნაცვლად, 50 ლარით დაჯარიმდება. 20 ლარიდან 100 ლარამდე იზრდება სანქცია აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენისთვის.
იგივე ქმედება თუკი ის ჩადენილია ავტომაგისტრალზე, საერთაშორისო ან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე, გამოიწვევს ქვეითის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. ქმედების განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
„რაც შეეხება ქვეითთა მიმართ ჯარიმების ფულადი ნაწილის გამკაცრებას, ეს მისასალმებელი ფაქტია, თუმცა როცა ადამიანს სანქციის საფრთხის წინაშე აყენებ, როგორც მინიმუმ, მას საამისო განათლების მიღების საშუალებაც უნდა ჰქონდეს. ჩვენთან ხშირად წესებს არღვევენ იმიტომ, რომ სათანადო ცოდნა არ აქვთ.
განვითარებულ ქვეყნებში საგზაო მოძრაობის წესებისა და მოცემულობების სწავლას ბაღიდან იწყებენ და სკოლაში აგრძელებენ, რაც იძლევა იმას, რომ ადამიანს ცოდნა თანმიმდევრულად და ხარისხიანად მიეწოდება. საერთო ჯამში, ამას სამართლიან პრინციპამდე მივყავართ, რადგან ორივე მხარე თანაბარ მდგომარეობაშია, ჩვენთან კი ასე ნამდვილად არაა.
თორემ, ქვეითი ან ნებისმიერი ადამიანი წესს რომ დაარღვევს და საკუთარ თავს თუ სხვას ამით საფრთხეს რომ შეუქმნის, ის რომ უნდა დაისაჯოს და რაც შეიძლება მკაცრად, ამას ლაპარაკი რად უნდა?! ასე რომ, ამ მხრივ ჯარიმების გამკაცრება კარგია, მაგრამ ადამიანთა ცნობიერების ამაღლებაც აუცილებელია“, - აღნიშნა მელაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“.