განახლებული დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობის, დროებითი და მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობების, აგრეთვე, დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის გაცემა გადაიდო.

ინფორმაციისთვის, ცვლილება გუშინ, 4 ივნისს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა ახალი დადგენილების მიხედვით, ახალი ვიზუალის დოკუმენტების ამოქმედების თარიღი 2025 წლის 1-ელ აგვისტომდე გადავადდა.

გარდა ამისა, დადგენილებას დაემატა მუხლი, რომლის მიხედვითაც, დოკუმენტებზე დატანილი იქნება დამკვეთისა და დამამზადებლის სახელწოდებები ინიციალებით, აგრეთვე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს რეგისტრაციის ნომერი.

ამასთანავე, უსაფრთხოების ნაწილში კანონს დაემატება შემდეგი სახის ჩანაწერი: „ინტეგრირებულ მე-4 დონის დამცავ ერთ ნიშანს, რომელიც კლასიფიცირდება, როგორც კონფიდენციალური“.

აღსანიშნავია ისიც, რომ გადაიდო განახლებული დიზაინის პასპორტების გაცემის ამოქმედებაც. განახლებული ბრძანებით, ახალი ვიზუალის პირადობების გაცემაც 2025 წლის 1-ელი აგვისტოდან დაიწყება.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი