„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა“-მ საქართველოს პარლამენტში ოფიციალური განცხადება შეიტანა და პარლამენტის თავმჯდომარეს და ეკონომიკისა და დარგობრივი პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს 2023 წელს ინიცირებული კანონპროექტის განხილვის ინიციატიატივით მიმართა, რომელიც ბინის გაქირავების დროს მეიჯარეთა უფლებების დაცვას და კანონის გამკაცრებას ითვალისწინებს.
„ქირის არგადახდის გამო მოიჯარის გამოსახლება სასამართლოს გადაწყვეტილებისა და აღსრულების მექანიზმის ჩართვის გარეშე, პრაქტიკულად შეუძლებელია. სასამართლო პროცედურა მოიცავს სამივე ინსტანციას და დამატებით აღსრულებას, რაც დიდ დროს, ფინანსურ დანაკარგებს და ნერვულ დაძაბულობას მოითხოვს. ამ მოცემულობას, საკმაოდ ხშირ შემთხვევაში, ბოროტად იყენებენ თაღლითი მოიჯარეები, მათ შორის, მომრავლებული უცხოელი დამქირავებლები, რომლებიც უტიფრად და სრულიად უსამართლოდ, წლობით სარგებლობენ საქართველოს მოქალაქეთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით.
მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, გადაუდებლად მიიღოს სათანადო საკანონმდებლო ცვლილებები, რაც დაიცავს საქართველოს მოქალაქეების საკონსტიტუციო უფლებებს საკუთრების დაცვის კონტექსტში, წაახალისებს ეკონომიკურ საქმიანობას, გააძლიერებს სახელმწიფოს უსაფრთხოებას და აღკვეთს როგორც ადგილობრივ, ისე არაკეთილსინდისიერ მიგრანტ მოიჯარეთა მხრიდან საქართველოს მოქალაქეების საკუთრების ხელყოფის საფრთხეებს“, - ნათქვამია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ - აფბას განცხადებაში, რომლითაც ორგანიზაციამ საქართველოს პარლამენტს ოფიციალურად მიმართა.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მნიშვნელოვანია, დროულად განახლდეს 2023 წელს ინიცირებული კანონპროექტის განხილვა, რომელიც ითვალისწინებს მოიჯარის დაუყოვნებლივ გამოსახლებას ქირის არგადახდის შემთხვევაში.
„ფაქტია, დღემდე ეს კანონპროექტი სერიოზული განხილვის საგნად ვერ იქცა და ვერ დაკანონდა. არადა, ამ კანონის მიღება უზრუნველყოფს:
-მოქალაქეთა საკუთრების დაცვას – მეპატრონე შეძლებს თავისუფლად განკარგოს თავისი ქონება (საკონსტიტუციო უფლება, მუხლი 6).
-სამშენებლო სექტორის გაძლიერებას – ინვესტორების აქტიურობით უძრავ ქონებაზე გაიზრდება მოთხოვნა
-საბანკო სექტორის სტაბილურობის ზრდას – მეტი მოთხოვნა იპოთეკურ სესხებზე გაზრდის საბანკო აქტივობას.
-პოზიტიურ ფისკალურ ეფექტს– ოფიციალური გაქირავების წახალისებით ბიუჯეტი მიიღებს საშემოსავლო გადასახადს (5%). გასულ წელს დარეგისტრირებული 8 223 აქტიური მოიჯარის ქირიდან ბიუჯეტში შევიდა 50 მილიონ ლარზე მეტი. სექტორის სრულ „გათეთრებას“ შეუძლია ეს მაჩვენებელი საგრძნობლად, რამდენიმეჯერ გაზარდოს.
-ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებას – გახშირებულია შემთხვევები, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები, უკანონოდ იკავებენ საცხოვრებელ ფართებს, რაც პირდაპირი საფრთხეა ქვეყნის სუვერენიტეტისთვის“, - აღნიშნულია აფბას განცხადებაში.
აფბა ასევე მიზანშეწონილად თვლის, კანონში აისახოს მუხლი, რომლის მიხედვითაც, ქირის არგადახდის შემთხვევაში, საშემოსავლოს 5%-იან განაკვეთთან ერთად, სააღსრულებო წარმოებისთვის აუცილებელი პროცენტული განაკვეთიც (მაგალითად ყოველთვიურად განსაზღვრული საიჯარო გადასახადის 2-3%-ის ოდენობით) იქნება განსაზღვრული. ეს უფრო ეფექტურსა და მოქნილს გახდის აღსრულების მექანიზმს და გააძლიერებს სამსახურს და დაცულს გახდის მეიჯარეს.
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ყურადღება ასევე გამახვილებულია საკითხთან პირდაპირ კორელაციაში არსებულ კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან მომენტზე.
კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ საკუთრივ სამშენებლო სექტორი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგია ქვეყნის ეკონომიკისთვის — 2024 წელს სექტორის ბრუნვამ 14.3 მილიარდ ლარს მიაღწია, ხოლო სექტორის მიერ შექმნილმა დამატებულმა ღირებულებამ .
4.8 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 17%-ით აღემატება. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო სექტორი საქართველოს ეკონომიკის (მთლიანი შიდა პროდუქტის – მშპ) 7.9%-ს შეადგენს.
წლის განმავლობაში გაიცა 12 080 სამშენებლო ნებართვა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.1%-ით მეტია. მშენებლობისთვის გათვალისწინებული ფართი — 12 040 400 მ², - ზრდა +28.4% წლიურად
ნიშანდობლივია უძრავი ქონების გაქირავების მიმართულებით არსებული სტატისტიკური მონაცემები. სხვადასხვა ადგილობრივი კვლევითი ორგანიზაციების შეფასებით 2024 წელს თბილისში უძრავი ქონების გაქირავების მაჩვენებელი, 22%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს დარგის მიმართ მზარდ ინტერესს.
დარგის ეფექტურობას მნიშვნელოვნად განაპირობებს გარე და შიდა ინვესტიციები, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი და მოტივატორიც არის იჯარა.
ფაქტია, დღეს საქართველოში საცხოვრებელი ფართების გაქირავება სერიოზულ სირთულეებთან არის დაკავშირებული , რამდენადაც მოქმედი კანონმდებლობით, თუ მოიჯარე ქირის გადახდას შეწყვეტს, მეპატრონე იძულებულია შევიდეს სასამართლო დავაში, რომელიც როგორც წესი, საბოლოო გადაწყვეტილებამდე, წლობით იწელება.
ეს არ არის მხოლოდ სამართლებრივი ან სოციალური პრობლემა— ეს ეკონომიკური და ეროვნული უსაფრთხოების საკითხიცაა.
დღეს შიდა თუ გარე ინვესტორები, რომლებიც ბინებს სესხით ან დანაზოგით ყიდულობენ და შემდგომში ქირით იღებენ შემოსავალს, აღნიშნული არსებული ვითარების გამო, საინვესტიციო გარემოს მაღალი რისკის მატარებლად აფასებენ აქტივობას წყვეტენ. მოტივაციის შემცირება კი, ბუნებრივია, უარყოფითად აისახება არა მხოლოდ სამშენებლო სექტორზე, არამედ მთლიანად ეკონომიკაზე, საბანკო სისტემაზე და მათ შორის იწვევს ნეგატიურ ფისკალურ ეფექტსაც.
ყველაზე შემაშფოთებელი კი ისაა, რომ საქართველოს მოქალაქე, საკუთარ ქვეყანაში, პოტენციურად დაუცველია ნებისმიერი უცხოელის წინაშე, რომელსაც, თუკი იკადრებს, შეუძლია წლების განმავლობაში უკანონოდ, პასუხისგების გარეშე დაეპატრონოს და გამოიყენოს მისი საკუთრება.
რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების პირობებში, სავარაუდოა მიგრანტთა რაოდენობის გარკვეული ზრდა. შესაბამისად — იზრდება საფრთხე, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები უფრო ინტენსიურად შეეცადონ ჩვენი მოქალაქეების უძრავი ქონების უკანონოდ გამოყენებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციაში აქვთ მოლოდინი, რომ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, საკითხის მაღალი საჯარო ინტერესიდან, კომპლექსურობიდან და მასშტაბურობიდან გამომდინარე, ყურადღებით მოეკიდება აღნიშნულ პრობლემას და 2023 წელს ინიცირებული კანონპროექტი, სათანადო განხილვების შემდეგ, კანონის სახეს მიიღებს.