სამედიცინო და მომვლელი პერსონალის ემიგრაცია საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

ამის შესახებ საუბარია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ანგარიში „ჯანდაცვის მუშახელის მიგრაცია ჯანმოს ევროპის რეგიონში: ქვეყნების შემთხვევების ანალიზი ალბანეთიდან, სომხეთიდან, საქართველოდან, ირლანდიიდან, მალტიდან, მოლდოვიდან, ნორვეგიიდან, რუმინეთიდან და ტაჯიკეთიდან“.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოში ბევრი ექიმი კარიერის ადრეულ ეტაპზევე მიდის სხვა ქვეყანაში. ყველაზე ხშირად ისინი რეზიდენტურის გავლას გაერთიანებულ სამეფოში ან შეერთებულ შტატებში ამჯობინებენ, ან გერმანიაში სტაჟიორებად ახალგაზრდა სამედიცინო პერსონალს უერთდებიან. საბერძნეთი და ისრაელი ასევე პოპულარული დანიშნულების ქვეყნებია.

ჯანმოს მონაცემებით, 2021–2022 წლებში საქართველოში განათლებამიღებული 770 ექიმი მუშაობდა ჯანმო-ს ევროპის რეგიონის ქვეყნებში. ამ 770-დან 537 მუშაობდა გერმანიაში, 69 - საბერძნეთში, 58 - ისრაელში, 34 - გაერთიანებულ სამეფოში და 24 - საფრანგეთში. გაერთიანებულმა სამეფომ 2023 წელს საქართველოდან ყველაზე მაღალი წლიური შედინება დააფიქსირა (25 ადამიანი). ქვეყნები, სადაც ლიცენზირების გამოცდები, კლინიკური ტრენინგი და პრაქტიკა ძირითადად ინგლისურ ენაზე ტარდება (მაგალითად, გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები), ყველაზე გავრცელებული დანიშნულების ადგილებია ქართველი ექიმებისთვის. გერმანიაში მიმავალნი, როგორც წესი, გერმანულს სწავლობენ, ხოლო ისრაელში ისეთი პერსონალი მიდის, რომელიც კარგად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. ერთ-ერთი მთავარი ინფორმატორის თქმით, გერმანიაში ექიმად კარიერის გაგრძელება ბოლო წლებში უფრო რთული გახდა აღიარების უფრო მკაცრი პროცედურების, ბიუროკრატიული კონტროლისა და ენის ცოდნის მოთხოვნების გამკაცრების გამო.


მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ქვეყნები კვლავაც რჩება დანიშნულების ყველაზე სასურველ ადგილებად, ჩნდება მიგრაციის ახალი მიმართულებები. ესაა სპარსეთის ყურის ქვეყნები - განსაკუთრებით არაბთა გაერთიანებული საამიროები, რომელიც პოპულარობას იძენს შეერთებულ შტატებთან შედარებით კონკურენტუნარიანი ან უფრო მაღალი ხელფასების, ასევე ხელსაყრელი სამუშაო პირობების გამო.


რაც შეეხება ექთნებს, დოკუმენტში გამოითქმულია ვარაუდი, რომ საქართველოში მომზადებული ექთნების უმეტესობა საზღვარგარეთ დასაქმებულია არა ექთნად, არამედ მომვლელად და, შესაბამისად, სტატისტიკაშიც არ შედის.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს აქვს ჯანდაცვის კადრების სტრატეგია 2022–2030, რომელიც ორიენტირებულია სამ პრინციპზე: საკადრო რესურსების მოთხოვნაზე დაფუძნებული დაგეგმვა, პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება და ექთნების მნიშვნელობის გაზრდა ჯანდაცვის სისტემაში. დოკუმენტი ხაზს უსვამს მაღალკვალიფიციური, გეოგრაფიულად დაბალანსებული და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის კადრების კრიტიკულ საჭიროებას.


სტრატეგიის მიზანია, 2030 წლისთვის ექთნებსა და ექიმებს შორის თანაფარდობა 1:1-დან 2:1-მდე გაიზარდოს საექთნო პროგრამის კურსდამთავრებულთა რაოდენობის გაზრდით. დაგეგმილი ინიციატივები მოიცავს ექთნებისთვის ლიცენზირებისა და სერტიფიცირების სისტემის შექმნას და იმის უზრუნველყოფას, რომ მათმა 50%-მა გაიაროს უწყვეტი პროფესიული განათლება.


ჯანმოს ანგარიშის თანახმად, ეს ძალისხმევა მიზნად ისახავს ექთნის პროფესიის ამაღლებას, სამუშაოთი კმაყოფილების გაუმჯობესებას და პაციენტზე ზრუნვის გაუმჯობესებას.

ჯანმო აღნიშნავს, რომ 2021 წელს ექიმების საშუალო ყოველთვიური ხელფასი 1500 ლარი (550 აშშ დოლარი) იყო, ექთნების კი - 774 ლარი (280 აშშ დოლარი). ამავდროულად, ექიმების 14% თვეში 5500 ლარს ან მეტს გამოიმუშავებდა, ხოლო 4% - 10 000 ლარს ან მეტს. ეს კი, ორგანიზაციის შეფასებით, ექიმებს შორის ხელფასების არათანაბარ განაწილებაზე მიუთითებს.

ექთნები კიდევ უფრო ნაკლებს გამოიმუშავებდნენ. 2022 წელს მთავრობამ შემოიღო მინიმალური ხელფასი საათში 4.4 ლარის ოდენობით საავადმყოფოს ექთნებისთვის და საათში 7 ლარის ექიმებისთვის, 2024 წელს გაფართოვდა და გავრცელდა ექიმების ასისტენტებზე (5 ლარი საათში), ბებიაქალებზე (4.4 ლარი საათში), ექთნების ასისტენტებზე (3.5 ლარი საათში) და სანიტარულ პერსონალზე (3 ლარი საათში).

„ექთნების კადრების გაძლიერება კვლავ გამოწვევად რჩება დაბალი ხელფასების, მუდმივი გენდერული უთანასწორობისა და ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებში მიგრაციის გამო,“ - წერია ჯანმოს ანგარიშში. 

წყარო: jandacva.ge