საქართველოს მთავრობა საპენსიო სააგენტოს მმართველობის სისტემის მნიშვნელოვნად შეცვლას გეგმავს. ცვლილებებს ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ პარლამენტში წარადგინა. ამავე ცვლილებებით იზრდება ლიმიტები, რომლის ფარგლებშიც საპენსიო ფონდს შეეძლება შევიდეს მსხვილი პროექტების ფინანსირებაში. საუბარია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად პროექტის დაფინანსებაში პირდაპირ მონაწილეობაზე.

პარლამენტში შესული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტებით, დაბალრისკიანი საინვესტიციო პორტფელიდან შესაძლებელი გახდება სხვადასხვა პროექტის დაფინანსება, ეს შეიძლება იყოს ჰესის, პორტის თუ სხვა საინვესტიციო პროექტების დაფინანსებაში მონაწილეობის მიღება, თუკი აღნიშნულ პროექტის ფინანსირებაში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც მონაწილეობენ. 

გარდა ამისა, სამეთვალყურეო და საინვესტიციო საბჭო უქმდება და იქმნება ახალი მმართველობითი საბჭო, რომელსაც 9-15 წევრი ეყოლება. საბჭოში თავის მხრივ, შეიქმნება სამი კომიტეტი, რისკების, აუდიტისა და ინვესტიციების კომიტეტი. ამასთან, აღნიშნული საბჭოს წევრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაამტკიცებს.

ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ აქტივების სხვადასხვა პროექტების ფინანსირებაში გამოყენება დამატებით მოედანს უქმნის მთავრობას ფულის განკარგვის თვალსაზრისით, შესაბამისად შეიძლება ფონდი უფრო მაღალრისკიანი აღმოჩნდეს.

„ძირითადად ორი მიმართულებით არის ცვლილებები, ერთი რომ უფრო მაღალრისკიანი საინვესტიციო პოლიტიკის განხორციელება შეეძლება ამ ფონდს, შესაბამისად თეორიულად შეიძლება რომ ეს ფონდი უფრო მაღალრისკიანი აღმოჩნდეს. მეორე არის ის, რომ ფონდის მართვის ფილოსოფია იცვლება, შედარებით დამოუკიდებელიდან გადავდივართ მთავრობის ჩართულობის და კონტროლის ქვეშ მყოფი ფონდის სტრუქტურაზე. თუმცა საპენსიო ფონდების ბედი, ზოგადად ძირითადად ასე ვითარდება ხოლმე, როდესაც მთავრობა უფრო მეტად ყოფს ხალხის ჯიბეში ხელს.

რაც შეეხება ინვესტირებას, აქტივების სხვადასხვა პროექტების ფინანსირებაში გამოყენება დამატებით მოედანს უქმნის მთავრობას ფულის განკარგვის თვალსაზრისით, სადაც დაახლოებით ნახევარი მილიარდი თანხაა.

საპენსიო ფონდის ძირითადი მისია უნდა იყოს დაზოგვა, დოვლათის შენარჩუნება და კონსერვატიული პოლიტიკა. ფაქტობრივად ძალდატანებით ხდება ამ თანხების მობილიზება, რადგან არჩევანის უფლება, დისკრეცია აღარ გვაქვს, ამ ყველაფრის მერე, მათი მაღალრისკიანად განთავსება, გაუმართლებელია“, - ამბობს გიგა ბედინეიშვილი.

BDO-ს მმართველი პარტნიორი ზურაბ ლალაზაშვილიც საპენსიო დანაზოგებით მსხვილი პროექტების დაფინანსებაში გარკვეულ რისკებს ხედავს. მისი თქმით, მსხვილ პროექტებში საპენსიო თანხების ინვესტირებისას არაერთი საკითხი იქნება გასათვალისწინებელი.

„საპენსიო თანხები მსხვილ პროექტებში მიმართვა გარკვეულ რისკებს შეიცავს. შესაძლოა, მთავრობას ამ დანაზოგებით რაიმე საინტერესო ინფრასტრუქტურული პროექტის აშენება სურდეს, თუმცა შესაძლოა, თანხების ხარჯვა არაეფექტურად მოხდეს ან საერთოდ ვერც განხორციელდეს პროექტი. ასევე საკითხავია, რამდენად იქნება სარგებლის მომტანი ასეთი ინვესტიცია. ბევრი კითხვაა - მაგალითად, თუკი ჩემს დაზოგილ 1000 ლარს სახელმწიფოს ვანდობ და ის ამ თანხას რომელიმე პროექტში ჩადებს, ასე უფრო მეტ სარგებელს მივიღებ თუ იმ შემთხვევაში, თუკი ამ თანხას კერძო აქტივების მმართველ კომპანიას ვანდობ. როდესაც არსებობს გრძელვადიანი ლარი, ყოველთვის დიდი ცდუნებაა ხელისუფლების მხრიდან, რომ რაიმე პროექტისკენ მიმართოს ეს თანხები. 

შესაბამისად, გადაწყვეტილებას, რომ მოქალაქეები საპენსიო დანაზოგების დამოუკიდებელ აქტივების მმართველ კომპანიებში გადატანას ვეღარ შეძლებენ, უარყოფითად ვაფასებ. მე უნდა შემეძლოს მივიღო გადაწყვეტილება, ვის ვანდო ჩემი ფული“, - ამბობს ზურაბ ლალაზაშვილი.

ფინანსისტი და საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორი ლევან სურგულაძე მიიჩნევს, რომ საპენსიო სააგენტომ მსხვილი პროექტები მხოლოდ ფასიანი ქაღალდების გამოშვების გზით უნდა დააფინანსოს. მისი თქმით, საპენსიო თანხებით პირდაპირი ფორმით პროექტებში ინვესტირება უნდა გამოირიცხოს და შესაბამისი პირობები კანონმდებლობაშიც უნდა გაიწეროს. 

ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგები 4.9 მილიარდ ლარს აღწევს. აქედან 4.8 მილიარდი ლარი განთავსებულია ნაკლებად რისკიან საპენსიო პორტფელში, დანარჩენი კი საშუალო და მაღალრისკიან პორტფელებში.