2 ივლისიდან ქვეყანაში აიკრძალა იმ სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება, რომელსაც თვითნებურად გადაკეთებული მაყუჩი აქვს. ამ შემთხვევაში ავტო/მოტო სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ჯარიმდება 200 ლარით, აკლდება 30 ქულა მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულათა სისტემიდან და სატრანსპორტო საშუალება საჯარიმო ავტოსადგომზე გადაჰყავთ.
როგორც რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ მოძრაობის „ჩემი ქალაქი მკლავს“ დამფუძნებელმა გიორგი ჯაფარიძემ განაცხადა, ამ დროისთვის საჯარიმო ავტოსადგომზე უკვე 400-მდე ავტომობილია გადაყვანილი.
„საჯარიმო ავტოსადგომზე 20 დღეში 400-მდე ავტომობილია გადაყვანილი"
„ამ დროისთვის საჯარიმო ავტოსადგომზე 400-მდე ავტომობილია გადაყვანილი, სადაც 10 დღის განმავლობაში ხდება მისი დაყოვნება. 10-დღიანი დაყოვნების მიზეზი არის ის, რომ მძღოლმა არ შეცვალოს მაყუჩი თუ ის არაქარხნულია, ანუ ავტომობილი საჭიროა, როგორც ნივთმტკიცება,“ - განაცხადა მან.
ჯაფარიძის თქმით, რამდენიმე დღის წინ პარლამენტისა და შსს-ს წარმომადგენლებთან მოხდა შეხვედრა, საიდანაც წამოვიდა მზაობა, რომ მოხდეს კანონის დაკორექტირება.
„რამდენიმე დღის წინ მოხდა შეხვედრა პარლამენტის, შსს-ს წარმომადგენლებთან, სადაც გაჟღერდა ინიციატივა, რომ წარგვედგინა ნორმები, რომლის შედეგადაც კანონში კორექტირებას შეიტანდნენ. ცვლილებები ასე მარტივად ვერ მოხდება, თუ დროულად მოხდა მუშაობა, შესაძლებელია, სექტემბერში კანონის დაკორექტირება ისე, რომ ვისაც უბრალოდ ვიზუალურად აქვს მაყუჩი შეცვლილი და არ იწვევს ხმაურს, არ მოხდეს მისი დაჯარიმება,“ - აღნიშნა მან.