აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი სოხუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მოქალაქეების გასახლება გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია აფხაზურ ტელეგრამ არხებზე ვრცელდება. არსებული ინფორმაციით 26 მარტს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ენერგეტიკის მინისტრი ჯანსუღ ნანბა აეროპორტის რაიონის მომსახლეობას შეხვდა. როგორც ტელეგრამ არხებზე წერენ, მოსახლეობის უმრავლესობა გადასახლების წინააღმდეგია, კომპენსაციის გადახდის შემთხვევაშიც კი.

მოსკოვმა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმმა დაიწყეს საინვესტიციო პროექტის განხორციელება საჰაერო მიმოსვლის აღდგენის მიზნით. პროექტში ინვესტიციის მოცულობა 12 მილიარდ რუბლს აღემატება. 2024 წელს სოხუმის რეკონსტრუირებულ აეროპორტში რუსეთიდან პირველი საცდელი ფრენა იგეგმება.