მიწის სისტემური რეგისტრაციის ვადა წლის ბოლოს იწურება, თუმცა იურისტები ამბობენ, რომ გარკვეული ხარვეზებისა და დოკუმენტაციების არარსებობის გამო, რეფორმა განსაზღვრულ ვადებში ვერ განხორციელდება.
მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნული პროგრამა სამწლიანი პროექტი უნდა ყოფილიყო და 1 200 000 ჰა-ს აზომვასა და რეგისტრაციას გულისხმობდა. პროექტი 2024 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მთავრობის 21 ოქტომბრის დადგენილების მიხედვით, მოქალაქეები თვითნებურად დაკავებული მიწების რეგისტრაციას 2026 წლის 1-ელ იანვრამდე შეძლებენ.
ადვოკატ შორენა ძივძივაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან მიწის სისტემური რეგისტრაციის ვადების გახანგრძლივების მიზეზი უპირველესად, უფლების დამდგენ დოკუმენტებზე წარმოქმნილი პრობლემებია.
თავის დროზე მონაცემების არაზუსტად აღრიცხვის გამო, სახელმწიფოსაც უჭირს პასუხის გაცემა: კონკრეტული მიწა ნამდვილად ეკუთვნის თუ არა მოქალაქეს, რომელსაც ნაკვეთის გაფორმებაზე აქვს განაცხადი შეტანილი.
„დოკუმენტაციებთან დაკავშირებული პრობლემები ძირითადად უფლების დამდგენ დოკუმენტზე წარმოიქმნება. მიწის იდენტურობის დადგენა ძალიან ჭირს, რადგან ზოგს მიწის ნაკვეთი გასხვისებული აქვს, ზოგიერთ შემთხვევაში, მეზობლები ერთმანეთს არ იცნობენ, ამიტომაც დოკუმენტაციის მოგროვება, რომელმაც მიწაზე უფლებები უნდა დაამტკიცოს, ძალიან ჭირს წარდგენილი აზომვითი ნახაზის და მიღება-ჩაბარებაში არსებული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურება.
ცხადია, რომ მიწების სისტემური რეგისტრაცია დარჩენილ დროში ვერ მოესწრება. დასადასტურებლად მიცემული დოკუმენტების იდენტიფიცირება ვერ ხდება, რადგან ძველ სისტემურ რეგისტრაციაზე ძირითადად დაუზუსტებელი ფართები იყო; როცა სარეგისტრაციო რუკაზე მიწის ნაკვეთს ხსნი ერთ წერტილზე რამდენიმე მეპატრონეს აჩვენებს, გთხოვს იდენტიფიკაციას, ეს ნამდვილად ის ნაკვეთია თუ არა, რაც ბაზაშია გადაცემული; ამიტომაც სახელმწიფო მოქალაქეს ვერ აწვდის ინფორმაციას, კონკრეტული მიწა არის თუ არა მის კუთვნილებაში”- აღნიშნა ადვოკატმა.