გაერომ მსოფლიოში შობადობის მკვეთრი კლება დააფიქსირა და ამის ძირითადი მიზეზები დაასახელა. გაეროს ანგარიში ეფუძნება 14 ქვეყნიდან, მათ შორის ინდოეთიდან, აშშ-დან, გერმანიიდან, ბრაზილიიდან და სამხრეთ კორეიდან 14 000-ზე მეტ ადამიანს - ეს არის რეგიონები, სადაც მსოფლიოს მოსახლეობის მესამედი ცხოვრობს.
რესპონდენტები ყველაზე ხშირად საუბრობდნენ ფინანსურ სირთულეებზე, არასტაბილურ დასაქმებაზე, საცხოვრებლის არარსებობაზე, მომავლის შესახებ შფოთვასა და პარტნიორის არარსებობაზე. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ამ ფაქტორებს ამწვავებს ეკონომიკური გაურკვევლობა და სოციალური ნორმები.
გაეროს მოსახლეობის ფონდის ხელმძღვანელის, ნატალია კანემის თქმით, ადამიანების უმეტესობას სურს ოჯახის შექმნა, მაგრამ ვერ ხედავს ამისთვის შესაფერის პირობებს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქმე არ არის მშობლობაზე უარის თქმაში. გამოსავლებს შორისაა ანაზღაურებადი საოჯახო შვებულება, ხელმისაწვდომი მედიცინა და წყვილში პასუხისმგებლობების თანაბარი განაწილება.
დოკუმენტის მიხედვით:
- მონაწილეთა ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ მთავარი დაბრკოლება ფულია;
- ყოველ მესამე ქალს განუცდია დაუგეგმავი ორსულობა;
- 50 წელს გადაცილებული ადამიანების 40%-მა ვერ შეძლო მშობლობის გეგმების განხორციელება;
- 11% ოჯახზე ზრუნვაში არათანაბარ შენატანებს დაბრკოლებად ასახელებს.
თუმცა გაეროს მონაცემებით, ბარიერების მიუხედავად, უმეტესობას მაინც სურს შვილები. ქალების 38%-ს და მამაკაცების 35%-ს სურს ორი შვილის ყოლა, 15%-ს კი - სამის.