ChatGPT ახალ თაობას რომ გაასულელებს, უფრო კორექტულად რომ გითხრათ, აზროვნების უნარს რომ დაუკარგავს, ეს ფრაზა, ალბათ, თქვენც ხშირად გსმენიათ… და თუ აქამდე ტექნოლოგიებით შეშინებულ ადამიანებზე გეცინებოდათ, ახლა გეტყვით, რომ MIT-ის უახლესი კვლევაც რაღაც ასეთს გვეუბნება.
ექსპერიმენტში 18-დან 39 წლამდე 54 სუბიექტი მონაწილეობდა. ისინი 3 ჯგუფად დაყვეს და ჩეტბოტის დახმარებით თემის დაწერა დაავალეს. ზოგს ჰქონდა წვდომა ChatGPT-ზე, ზოგს კი არა… ამ პერიოდში მათი ტვინის აქტივობას 32 რეგიონში ელექტროენცეფალოგრამიითაც დააკვირდნენ. შედეგად კი, გამოვლინდა, რომ ჯგუფებს შორის ტვინის ყველაზე დაბალი ჩართულობით სწორედ ChatGPT-ის მომხმარებლები გამოირჩეოდნენ და მათ სულ დაბალი შედეგები ჰქონდათ ნეირონულ, ენობრივ თუ ქცევით დონეებზე.
მეტიც, კვლევის თანახმად, რამდენიმე თვის მანძილზე ChatGPT-ის მომხმარებლები ყოველი მომდევნო თემის დაწერის შემდეგ, ზარმაცდებოდნენ და საბოლოოდ ტექსტის პირდაპირ კოპირებას მიმართავდნენ. თუმცა გამოსავალი, შესაძლოა, OpenAI-ის Study Mode-ის უახლესი ფუნქცია იყოს…
ასეა თუ ისე, ნაშრომი გვეუბნება, რომ LLM-ების გამოყენებას სწავლის უნარი შეუძლია დააზიანოს, განსაკუთრებით ახალგაზრდა მომხმარებლებში. მართალია, ჯერ კვლევა საკმაოდ მცირე ზომისაა, მაგრამ ნაშრომის მთავარმა ავტორმა ნატალია კოსმინამ მიღებული შედეგების მყისიერად გაზიარება ჩათვალა საჭიროდ. სურდა, თავისი შეშფოთება გაემხილა საზოგადოების AI-ით გატაცების შესახებ, რასაც ტვინის გრძელვადიანი განვითარება შეიძლება, შეეწიროს.
„სრულ განხილვამდე ამ ყველაფრის გამოქვეყნების მოტივაცია ის იყო, რომ შემეშინდა აქედან 6-8 თვეში ვინმეს GPT-ის საბავშვო ბაღებში შეტანის იდეა არ გასჩენოდა, ვფიქრობ, ეს აბსოლუტურად ცუდი და საზიანო იქნება — განვითარებადი ტვინები ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან“.
რაც შეეხება უშუალოდ თემებს, გამოვლინდა, რომ ChatGPT-ით დაწერილ ესეებს ორიგინალური თხრობა აკლდა და ყველა მსგავს გამოხატვასა თუ იდეებს ეყრდნობოდა. მიღებულ ნაწერებს შემსწორებლები უსულოსაც კი უწოდებენ. ხოლო ელექტროენცეფალოგრამიით დადგინდა, რომ მათ კონტროლისა და ყურადღების დაბალი მაჩვენებლები ჰქონდათ. მესამე ესეს შემთხვევაში კი მონაწილეებმა უბრალოდ დაავალეს ჩეტბოტს თემის დაწერა, შემდეგ კი დააკოპირეს იგი.
სამი თემის დაწერის შემდეგ, სუბიექტებს მათი ხელახლა დაწერა სთხოვეს, ოღონდ ChatGPT-ის გარეშე, ხოლო იმ პირებს, რომელთაც თავიდან ჩეტბოტის გამოყენების უფლება არ ჰქონდათ, ახლა ამის შესაძლებლობა მიეცათ. შედეგად, პირველ ჯგუფს ძალიან ცოტა ახსოვდა დაწერილი თემებიდან. მათ სუსტი ალფა თუ ბეტა ტვინის ტალღებიც აჩვენეს, რომლებიც მეხსიერების სიღრმისეულ პროცესებზე მეტყველებს… ხოლო მეორე ჯგუფმა დავალება კარგად შეასრულა, ტვინის აქტივობებშიც მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა, რაც წარმოშობს იმედს იმის შესახებ, რომ
დასკვნა: თუ ხელოვნურ ინტელექტს სათანადოდ გამოვიყენებთ, კი არ გაგვასულელებს, არამედ გააუმჯობესებს ჩვენი სწავლის შესაძლებლობებს.