სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2025 წლის II კვარტალის გამყვანი ტურიზმის სტატისტიკა გამოაქვეყნა.
დროის ამ მონაკვეთში საქართველოს ტერიტორიიდან საზღვარგარეთ საერთო ჯამში ქვეყნის რეზიდენტი მოგზაურების 715.1 ათასი გასვლა დაფიქსირდა. ეს 2024 წლის II კვარტალთან შედარებით 2.5%-ით მეტია.
აღმოჩნდა, რომ საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებულმა ვიზიტებმა 564.3 ათასი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 0.4%-ით აღემატება.
2025 წლის II კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ 385.8 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი განხორციელდა. ეს წლიურ ჭრილში 7.1%-იანი ზრდაა.
ვიზიტების უმრავლესობა, 48.3%, საქართველოს რეზიდენტ 31-50 წლის ვიზიტორებზე მოდის. აქვე აღსანიშნავია, რომ გასულ კვარტალში საქართველოდან ვიზიტების უმრავლესობა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა – შესაბამისად, 201.3 ათასი და 106.3 ათასი ვიზიტი.
რაც შეეხება, ვიზიტებისას გაწეულ ხარჯებს, გასულ კვარტალში ეს მაჩვენებელი 582.8 მილიონ ლარს გაუტოლდა და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 1.9%-ით ჩამორჩა. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2024 წლის II კვარტალთან შედარებით 2.3%-ით, 1 032.7 ლარამდე შემცირდა.
საანგარიშო პერიოდში ვიზიტებისას გაწეული ხარჯების დიდი ნაწილი საყიდლებზე, საკვებსა და სასმელზე, ასევე განთავსებაზე მოდის.
ხარჯების კატეგორია | ხარჯი (მლნ ლარი) | წილი (%) | საშუალო ხარჯი ვიზიტზე (ლარი) |
---|---|---|---|
საყიდლები | 229.9 | 39.5 | 407.5 |
საკვები და სასმელი | 155.5 | 26.7 | 275.5 |
განთავსება | 78.6 | 13.5 | 139.4 |
ადგილობრივი ტრანსპორტი | 63.5 | 10.9 | 112.5 |
გასართობი, გამაჯანსაღებელი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები | 23.9 | 4.1 | 42.3 |
სხვა | 31.3 | 5.4 | 55.5 |
სულ | 582.8 | 100.0 | 1 032.7 |