ქალაქები რთული სისტემებია, რომლებიც გავლენას ახდენს თითოეულ მცხოვრებზე. მათ გაფართოებასთან ერთად სულ უფრო კრიტიკული ხდება თეორიული ჩარჩოების შემუშავება, რომლებიც ჩვენს ჯანმრთელ გარემოს დაიცავს. ურბანული დაგეგმარება აყალიბებს იმ გარემოს, სადაც ადამიანები ცხოვრობენ. ის მოიცავს არა მხოლოდ ქუჩების განლაგებას, არამედ ქალაქის დიზაინის ყველა ელემენტსაც, რომელიც, საბოლოოდ, დიდ როლს ასრულებს საზოგადოებრივ ჯანმრთელობაში.
ურბანული დაგეგმარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, თუმცა ხშირად უგულებელყოფილი ასპექტია მისი ზეგავლენა დაავადებების გავრცელებაზე. ცუდად დაპროექტებულმა ურბანულმა სივრცეებმა შეიძლება ხელი შეუწყოს ინფექციური დაავადებების გადაცემას, გაამწვავოს ქრონიკული დაავადებები და შეზღუდოს ჯანდაცვაზე წვდომა. ასევე, პირიქითაც – სწორმა დაგეგმარებამ გაზარდოს ჯანმრთელობის ხარისხი.
როგორ მოქმედებს ურბანული დაგეგმარება დაავადებების გავრცელებაზე
მოსახლეობის სიმჭიდროვე და გადატვირთულობა
ცუდად დაგეგმილ რაიონებში მოსახლეობის მაღალმა სიმჭიდროვემ შეიძლება გამოიწვიოს გადატვირთული საცხოვრებელი სახლების არსებობა, შეზღუდული სანიტარული პირობები და არასაკმარისი ვენტილაცია, რაც იდეალური პირობებია ჰაერწვეთოვანი და გადამდები დაავადებებისთვის, როგორიცაა ტუბერკულოზი, გრიპი და COVID-19.
სანიტარია და ნარჩენების მართვა
არაეფექტური კანალიზაციის სისტემები და დაუხარისხებელი ნაგავი ქმნის გამრავლების ადგილებს ისეთი გადამტანებისთვის, როგორებიცაა კოღოები და ვირთხები. ისინი კი გადასცემენ ისეთ დაავადებებს, როგორიცაა დენგეს ცხელება, მალარია და ლეპტოსპიროზი.
სატრანსპორტო სისტემა
გადატვირთულმა და ცუდად ვენტილირებადმა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა შეიძლება ხელი შეუწყოს ინფექციური დაავადებების გავრცელებას. ცუდი ურბანული დიზაინის გამო ხანგრძლივი მგზავრობა ასევე ამცირებს ჯანსაღი აქტივობებისთვის და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობისთვის საჭირო დროს.
ენერგიის მოხმარება
გარემოსდაცვით გამოწვევებში ერთ-ერთ დიდ როლს სწორედ ენერგიის მოხმარებაც თამაშობს, რადგან სათბური გაზების ემისიები მრავლდება, მაგრამ ენერგოეფექტური შენობები და განახლებადი ენერგიის წყაროები ხელს უწყობს ნახშირბადის კვალის შემცირებას და ეს ურბანიზაციის დროს უნდა იქნეს გათვალისწინებული.
მწვანე სივრცეები და ჰაერის ხარისხი
ხეებისა და მწვანე სივრცეების ნაკლებობა იწვევს ჰაერის ხარისხის გაუარესებას, რაც ხელს უწყობს სასუნთქი გზების ისეთი დაავადებების გაჩენას, როგორიცაა ასთმა და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება. ურბანული სითბური კუნძულები ასევე აუარესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას სიცხის ტალღების დროს.
ურბანული დაგეგმარების სტრატეგია დაავადებების გავრცელების აღმოსაფხვრელად ან შესამცირებლად
დიდი მნიშვნელობა აქვს ინვესტირებას ხელმისაწვდომ და ხარისხიან საცხოვრებელში, რომელიც ენერგოეფექტურია, კარგად ხდება ვენტილირება და არ არის ძალიან გადატვირთული. საბინაო პოლიტიკამ ჯანმრთელობა უნდა დააყენოს პრიორიტეტად და გაითვალისწინოს დიზაინში.
სუფთა წყლის ხელმისაწვდომობა
მნიშვნელოვანია, დაგეგმარების პროცესში გათვალიწინებულ იქნეს სათანადო კანალიზაცია, სადრენაჟე სისტემები და წყალმომარაგების ქსელები.
გააფართოვეთ მწვანე და ღია სივრცეები
პარკები, ბაღები და ურბანული ტყეები არა მხოლოდ აუმჯობესებს ჰაერის ხარისხს, არამედ ხელს უწყობს ფსიქიკურ ჯანმრთელობას და ფიზიკურ აქტივობას. ეს კი, თავის მხრივ, დაავადებების საერთო რაოდენობას ამცირებს.
მდგრადი საზოგადოებრივი ტრანსპორტი
ავტობუსები, მატარებლები, მეტრო და სხვა, აუცილებელია ურბანულ გარემოში ყოველდღიურად მილიონობით ადამიანის გადაადგილებისთვის. თუმცა, სათანადო მართვის გარეშე, მათ ასევე შეუძლიათ ინფექციური დაავადებების გადაცემის მთავარ კერებად გადაქცევა. ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ფიზიკური სიახლოვე, ცუდი ვენტილაცია, არასაკმარისი ჰიგიენა და გადატვირთულობა, ხელს უწყობს ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები დაავადებების გამრავლებას. მგზავრები ხშირად იჭედებიან შეზღუდულ სივრცეებში, განსაკუთრებით პიკის საათებში, რაც ფიზიკურ დისტანცირებას ართულებს.
ურბანული დაგეგმარება გაცილებით მეტია, ვიდრე ესთეტიკისა და ინფრასტრუქტურის საკითხი – ის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორია. ქალაქებში დაავადებების გავრცელება არა მხოლოდ სამედიცინო ან ბიოლოგიური, არამედ სივრცითი და სოციალური საკითხიცაა. ჩვენ შეგვიძლია, შევქმნათ უფრო ჯანსაღი, უფრო მდგრადი ქალაქები, რომლებიც ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს.
წყარო: Wasteless marketer.ge