ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბრაზილიიდან იმპორტირებულ ყავაზე 50%-იანი ტარიფის დაწესებას  გეგმავს.

თუ სავაჭრო მოლაპარაკებებში პროგრესი არ იქნება, ბრაზილიის ერთ-ერთ მთავარ საექსპორტო სექტორს შესაძლოა სერიოზული დარტყმა მიადგეს. ბრაზილიელი ყავის მწარმოებლები უკვე ემზადებიან ნეგატიური შედეგებისთვის. ისინი ამბობენ, რომ ბაზარზე უკვე გაურკვევლობაა, მყიდველები თავს იკავებენ და ფასები ზეწოლის ქვეშაა.

„წელს კარგი ფასის მოლოდინი გვქონდა, მაგრამ ამ ტარიფით ყავის ფასები უკვე მნიშვნელოვნად დაეცა. ცოტა შეშფოთებულები ვართ, მაგრამ ვნახოთ, გაიხსნება თუ არა სხვა ბაზარი, მაგალითად, ჩინეთი. თუ ამ ბაზარზე შესვლას შევძლებთ, ეს ცოტათი დაგვეხმარება“, – ამბობს ხოსე ადილ ბრაგიონი, ყავის მწარმოებელი.

„ბრაზილია ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც გლობალური ყავის დეფიციტის შევსება შეუძლია. ასე რომ, თუ აშშ-ის დაწესებული ტარიფები ნამდვილად შევა ძალაში, ჩვენ სხვა გზებს ვიპოვით ჩვენი ყავის გასატანად. გაყიდვას არ შევწყვეტთ, ეს ვარიანტი არ განიხილება, თუმცა სხვა ბაზრები უნდა ავითვისოთ“, – ამბობს რიკარდო რუფინო ჯუნიორი, ყავის მწარმოებელი

ბრაზილიის ყავის ექსპორტიორთა საბჭოს დირექტორი მარკოს ანტონიო მატოსი ხაზს უსვამს, რომ შეერთებული შტატები ბრაზილიური ყავის მთავარი ბაზარია.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ტარიფები მწარმოებლებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, მატოსი ოპტიმისტურად არის განწყობილი და აღნიშნავს, რომ ისინი ინტენსიურად იმუშავებენ ვითარების გამოსასწორებლად.

„აზიაში ყავის მაღაზიების შთამბეჭდავი ქსელებია. უნდა აღვნიშნო, რომ ყავას ყველა თაობის წარმომადგენელი მოიხმარს. ჩინეთში, საშუალო ზომის ქალაქებიც კი იწყებენ ყავის მაღაზიების გახსნას და ამ ინდუსტრიის განვითარებას. ასე რომ, ჩვენ გაგვიმართლა, რომ გვაქვს პროდუქტი, რომელიც ბოლო წლებში 150 სხვადასხვა ქვეყანაში გაგვაქვს ექსპორტზე. ცხადია, ეს აშშ-ს ტარიფები მტკივნეული და შემაშფოთებელია, მაგრამ ჩვენ აუცილებლად ვიპოვით გამოსავალს“, – ამბობს მარკოს ანტონიო მატოსი, ბრაზილიის ყავის ექსპორტიორთა საბჭოს დირექტორი.

183 ბრაზილიელ ყავის მწარმოებელს ჩინეთში ექსპორტის დამტკიცება დიდ იმედს აძლევს.

euronewsgeorgia.com