ციფრული ასისტენტი, რომელიც ადამიანებს ეხმარება სამთავრობო სერვისების ონლაინნავიგაციაში, გახდა პირველი ხელოვნური ინტელექტის მინისტრი მსოფლიოში. კაბინეტის ახალი წევრი ალბანეთის პრემიერმა ედი რამამ წარადგინა.

დიელა, რაც ალბანურად მზეს ნიშნავს, სახელმწიფო შესყიდვების საკითხს უხელმძღვანელებს.

ის აქამდე კონსულტაციებს უწევდა მომხმარებლებს სახელმწიფო e-Albania პორტალზე და ეხმარებოდა მათ ბიუროკრატიული ამოცანების შესრულებაში.

„დიელა, კაბინეტის პირველი წევრია, რომელიც ფიზიკურად არ იმყოფება ადგილზე, მაგრამ ვირტუალურად შეიქმნა ხელოვნური ინტელექტის მიერ. ის ხელს შეუწყობს ალბანეთის ისეთ ქვეყნად გადაქცევას, სადაც სახელმწიფო ტენდერები 100%-ით თავისუფალია კორუფციისგან“, – განაცხადა ედი რამამ.

დიელა, რომელიც e-Albania პორტალზე ტრადიციულ ალბანურ კოსტიუმშია გამოწყობილი, სახელმწიფო შესყიდვებს უხელმძღვანელებს.

მისი უფლებამოსილება იქნება, გამოავლინოს სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებულები. ეს ფუნქცია ეტაპობრივად ჩამოერთმევათ სამინისტროებს და სრულად დიელა გადაიბარებს.

დიელა შეისწავლის ყველა ტენდერს, რომლებსაც მთავრობა კერძო კომპანიებთან აფორმებს. პრემიერ რამას მიაჩნია, რომ ამ გზით ქვეყანაში სრულად აღმოიფხვრება კორუფცია.

სახელმწიფო ტენდერები დიდი ხანია კორუფციული სკანდალების წყაროა ალბანეთში. ტირანაში ვარაუდობენ, რომ ამ პრობლემის მოგვარება სწორედ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ახალ მინისტრს შეუძლია.

euronewsgeorgia.com