„უამრავ მილიონს ვიხდით ბიუჯეტიდან იმისთვის, რომ ეს რეისები სრულდებოდეს,” - „ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე, რადიოგადაცემაში „საქმე“ ლონდონი-თბილისის რეისებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ რეისებს ქართული ტურიზმისთვის სარგებელი არ მოუტანია.

„როდესაც საქართველოს გაერთიანებულ სამეფოსთან პირდაპირი ფრენები ჰქონდა პანდემიამდე, საკმაოდ აქტიურად ჩამოდიოდნენ ტურისტები, ხოლო მას შემდეგ, რაც წელს აღდგა პირდაპირი ფრენები, რეალურად ბაზარზე დიდი ცვლილება არ არის, არადა ამას სარგებელი უნდა მოეტანა.

როდესაც გარკვევა დავიწყე, რამე მარკეტინგული აქტივობა თუ იყო ბრიტანეთში საქართველოს პოპულარიზაციასთან დაკავშირებით, აღმოჩნდა, რომ არანაირი. ნებისმიერ ენაზე რომ გავხსნათ საქართველოს შესახებ ინფორმაცია, ცუდის მეტს არაფერს წავიკითხავთ, ამიტომ მე ისიც მიკვირს, რომ საქართველოდან ორი ავიაკომპანია დაფრინავს ბრიტანეთის მიმართულებით. იმედი მაქვს, მალე, როდესაც ყველაფერი შეიცვლება ქვეყანაში, ორივე რეისი დაიტვირთება.

საქმე იმაშია, რომ ორივე ავიაკომპანიის რეისი სუბსიდირებულია და უამრავ მილიონს ვიხდით ბიუჯეტიდან იმისთვის, რომ ეს რეისები სრულდებოდეს და შედეგი, რომ საქართველოში ჩამოვიდეს მაღალმხარჯველი ბრიტანელი ტურისტი, არ გვაქვს,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, 2025 წლის 30 მარტიდან ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენები კვირაში 4 სიხშირით სრულდება.

bpn.ge