კლიმატის ცვლილებების გამო (რომელიც უმეტესად ადამიანის ზემოქმედებითაა გამოწვეული) გლობალური ტემპერატურაც იმატებს, რაც იწვევს პოლარული ყინულისა და მყინვარების სწრაფი ტემპით დნობას. გარდა იმისა, რომ ეს პროცესი ზღვის დონის აწევასა და კლიმატის არასტაბილურობას იწვევს, ჩნდება სხვა საფრთხეც, რომელზეც ყველაზე ნაკლებად საუბრობენ ხოლმე – უძველესი და საშიში მიკროორგანიზმების, მათ შორის ვირუსებისა და ბაქტერიების გამოყოფა, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ყინულში იყო ჩარჩენილი.

ეს სტატია იკვლევს, თუ რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ყინულის მასობრივმა დნობამ კაცობრიობასა და ეკოსისტემებს, ან რამდენადაა მზად მეცნიერება, რომ შეებრძოლოს ამ საფრთხეებს.

ყინულის დნობის მასშტაბები

ბოლო ერთი საუკუნის განმავლობაში დედამიწა დაახლოებით 1.2°C-ით გათბა, არქტიკა კი გლობალურ საშუალო მაჩვენებელზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად თბება. თანამგზავრული მონაცემები ყინულის მნიშვნელოვან დანაკარგს აჩვენებს:

  • გრენლანდია წელიწადში 250 მილიარდ ტონაზე მეტ ყინულს კარგავს;
  • არქტიკული ზღვის ყინულის მოცულობა 1979 წლიდან 75%-ზე მეტით შემცირდა;
  • მუდმივი ყინული, გაყინული მიწა, რომელიც ჩრდილოეთ ნახევარსფეროს დაახლოებით 24%-ს ფარავს, სწრაფად დნება.

მოკლედ რომ აღვწეროთ, ეს დნობა საფრთხეს უქმნის სანაპიროებთან ახლოს მცხოვრებ თემებს, გამოყოფს დიდი რაოდენობით მეთანს, ძლიერმოქმედ სათბურის აირს. თუმცა არანაკლებ საინტერესოა ამ უძველეს ყინულში არსებული გარემო, რომელიც არავინ იცის, ზუსტად რა პრობლემებს წამოჭრის.

რამდენად საშიშია ეს მიკრობები

შესაძლოა, უძველესი მიკრობები თანამედროვე ადამიანებისთვის უშუალო საფრთხეს არ წარმოადგენდეს, თუმცა უცნობი ცვლადები მათ არაპროგნოზირებადს ხდის. ჩვენ არ ვიცით, ადამიანებსა და ცხოველებს ექნებათ თუ არა ბუნებრივი იმუნიტეტი ხელახლა გამოჩენილი პათოგენებისგან დასაცავად. 

გარდა ამისა, უცნობია ამ მიკრობების ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობა – ზოგიერთ უძველეს ბაქტერიას შესაძლოა რეზისტენტობის გენები ჰქონდეს, რაც მკურნალობას გაართულებს.

მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ არსებობს ზოონოზური რისკიც, რაც იმას ნიშნავს, რომ ველური ბუნების ჰაბიტატებთან ახლოს ყინულის დნობამ შესაძლოა ცხოველიდან ადამიანზე გადაცემის შანსები გაზარდოს.

ყინულში არსებული უძველესი მიკროორგანიზმები

გაყინული ლანდშაფტები ათიათასობით წლის განმავლობაში ინარჩუნებს ორგანულ ნივთიერებებს, რომელთა შორისაც მიკროორგანიზმებიცაა. აქამდე აღმოჩენილია რამდენიმე მათგანი: 

  • პიტოვირუსი და მოლივირუსი (ციმბირის მუდმივი ყინულიდან აღდგენილი 30 000 წლის ვირუსები);
  • 5 მილიონი წლის მყინვარებიდან ამოღებული ცოცხალი ბაქტერიები;
  • სხვადასხვა გაყინულ ნაშთში კი აღმოჩენილია 1918 წლის ესპანური გრიპის, ყვავილის და სხვა ვირუსული გენომების კვალი.

მიუხედავად იმისა, რომ ამ მიკროორგანიზმებიდან ზოგიერთი აღარ არის გადამდები, სხვებმა გამოავლინეს სიცოცხლისუნარიანობა და გამრავლების პოტენციალი, რაც მეცნიერებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებში შეშფოთებას იწვევს.

რა შეიძლება გაკეთდეს

მეთვალყურეობისა და კვლევის გაძლიერება

მთავრობებმა და გლობალურმა ორგანიზაციებმა უნდა დააფინანსონ სამეცნიერო მისიები დნობის რეგიონებში მიკრობული აქტივობის მონიტორინგისთვის. გენომური ანალიზი და ვირუსული ექსპერტიზა ხელს შეუწყობს პოტენციური საფრთხეების იდენტიფიცირებას მათ გავრცელებამდე.

ინვესტირება კლიმატის ცვლილების შერბილებაში

გლობალური სათბურის გაზების გამოყოფის შემცირება აუცილებელია ყინულის შენელებისთვის. სუფთა ენერგიის წყაროებზე გადასვლა ამ საქმეში დიდ როლს შეასრულებს. ეს იქნება CO₂-ის გამოყოფა ელექტროენერგიისა და ტრანსპორტიდან თუ შავი ნახშირბადის (ჭვარტლის) შემცირება პოლარულ რეგიონებში, რომლებიც აჩქარებს ყინულის დნობას.

გლობალური ჯანდაცვის მზადყოფნა

სწრაფი რეაგირების პროტოკოლების შემუშავება და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესია უცნობი პათოგენებით გამოწვეული მოულოდნელი აფეთქებების მართვისთვის.

საერთაშორისო თანამშრომლობა

უძველესი ვირუსებისა და ბაქტერიების რისკი გლობალურია და არა ადგილობრივი. ქვეყნებმა უნდა ითანამშრომლონ მონაცემთა გაზიარების, საველე კვლევებისა და ბიოუსაფრთხოების პრაქტიკის საკითხებში.

ყინულის ქვეშ ბევრი საიდუმლო იმალება, რომელთაგან ზოგიერთი ათასწლეულების განმავლობაში მიძინებული იყო და ახლა ხელახლა იღვიძებს გამთბარ სამყაროში, რომელიც მათი დაბრუნებისთვის მოუმზადებელია. ინფორმირებულობა მნიშვნელოვანია ამ მომზადების პროცესში, რადგან მომავალი გამოწვევები პრევენციულ ქმედებებს, მეცნიერების ფზილად ყოფნასა და გლობალურ თანამშრომლობას მოითხოვს.

marketer.ge