„ტურიზმში დასაქმებული კომპანიების, გიდების და მძღოლების 30-35% უკვე უცხოელები არიან“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას გიდმა ალექსანდრე გიორგიძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ მათ შორის რუსები და ინდუსები ჭარბობენ.
გიდის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ადგილობრივ ბაზარზე ტურიზმის სექტორში დასაქმებული უცხოელების წილი იზრდება, ტურიზმის შემოსავლების ნაწილი ქვეყნიდან გაედინება, რაც სექტორისთვის პრობლემურია.
„უხეში მოკვლევით, ტურიზმში დასაქმებული კომპანიების, გიდების და მძღოლების 30-35% უკვე არიან უცხოელები. მათ შორის ყველაზე მეტად ჭარბობენ რუსები და ინდუსები. მძღოლების და გიდების კუთხით მათი რაოდენობა არის გაზრდილი. რაც შეეხება ჩინელებს, ვხედავთ, რომ თუ ისინი აქამდე ადგილობრივებთან დადიოდნენ, ახლა ჩინურ ჯგუფთან ქართველს იშვიათად ნახავთ.
წლის ბოლოს დაჯამდება, რომ ქვეყანაში დაიხარჯა 4-5 მილიარდი დოლარი, რაც ციფრების კუთხით მშვენიერია, მაგრამ რამდენი დარჩა ამ თანხიდან ქვეყანაში ესაა საინტერესო. თუ უცხოურმა ტურისტულმა კომპანიამ გიდით, ავტომობილით და ყველა ხარჯით დახარჯა საქართველოში 1 000 დოლარი, რეალურად ქვეყანაში უცხოელთა დასაქმების პირობებში, ამ თანხის მცირე ნაწილი რჩება, დანარჩენი მიაქვთ უკან. დანახარჯების განაწილების დეტალიზაცია არ ხდება.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, იმ დახარჯული თანხიდან რეალურად რამდენი რჩება საქართველოში, ტურიზმის არსებული შემოსავლები, დეტალიზაციის გარეშე, გვიქმნის ილუზიას, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა“, - აღნიშნავს გიორგიძე.
გარდა აღნიშნულისა, ტურიზმის სექტორი საუბრობს აზიური ბაზრიდან ტურისტების ზრდის უარყოფით მხარეზე. დარგის წარმომადგენლების ნაწილი ხშირად საუბრობს იმის შესახებ, რომ აზიელ ტურისტებს ქართული ტრადიციული სამზარეულო და ღვინო ნაკლებად აინტერესებთ.
როგორც ალექსანდრე გიორგიძე აღნიშნავს, თუ საქართველო მთლიანად გადავა აზიურ სეგმენტზე, გასტროტურიზმის მიმართულება შემოსავლების გარეშე დარჩება.
„პრობლემა გვაქვს ხარისხთან მიმართებაშიც. ეს ეხება როგორც ადგილობრივებს, ისე უცხოელებს. იმის ნაცვლად, რომ გავზრდილიყავით და მეტი სერვისი შეგვეთავაზებინა ტურისტისთვის, ე.წ. ფოტოს გადასაღებ ქვეყნად ვიქეცით, სადაც ნაკლებად ხდება კულტურაზე საუბარი. მაგალითად, აზიის მინუსი ის არის, რომ არ ან ნაკლებად აინტერესებთ ადგილობრივი სამზარეულო და ღვინო, რაც ჩვენი ტურიზმის ერთ-ერთი გამწევი ძალაა.
მაგალითად, იმერეთში რომ მაქვს ტური, ინდუსს, ჩინელს და ვიეტნამელს მე იქ ვერ წავიყვან, რადგან წიწილა ნიორწყალში, მჭადი ყველით და ცოლიკაური საერთოდ არ აინტერესებთ, არც ჭამენ, არც გასინჯავენ და ვერც შევთავაზებთ ამ მომსახურებას; თუ მთლიანად გადავალთ აზიაზე, ეს სეგმენტი დარჩება შემოსავლის გარეშე“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ ალექსანდრე გიორგიძემ.