ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადიან. ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ და უნივერსიტეტის რექტორმა შალვა კირთაძემ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას განათლების, პრაქტიკული მომზადების და სამეცნიერო კვლევების სფეროში.
მემორანდუმი გაფორმდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქართულ-პოლონური სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციის „სატრანსპორტო ხიდი ევროპა-აზია“ ფარგლებში, რომელიც უნივერსიტეტმა პოლონეთის სილეზიის უნივერსიტეტთან ერთად სხვადასხვა ქვეყნის პროფესორებისა და მკვლევრების მონაწილეობით გამართა.
როგორც რევაზ სოხაძემ აღნიშნა, სამინისტროსთვის განათლების სექტორთან თანამშრომლობა ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. სამინისტროს ინიციატივით, უნივერსიტეტის სტუდენტები უკვე ეწვივნენ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ ობიექტს, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს თეორიული ცოდნა პრაქტიკაში განიმტკიცონ.
,,ვფიქრობ, ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლობა უმაღლეს სასწავლებლებთან მნიშვნელოვანია პროფესიონალი კადრების განვითარებისათვის. სწორედ ამიტომ, მომავალშიც ვეცდებით, რომ ამ ურთიერთობამ ხელი შეუწყოს ტექნიკური მიმართულებების პოპულარიზაციას. მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დაინტერესდეს ამ სფეროებით, რათა მომავალში ქვეყანას არ შეექმნას კვალიფიციური კადრების დეფიციტი“-განაცხადა მინისტრმა.
მემორანდუმის ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ სტაჟირება სამინისტროში, რაც ხელს შეუწყობს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანას და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას. ასევე, მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების ორგანიზებასა და კვალიფიციური კადრების მომზადებაზე.
მემორანდუმი განსაზღვრავს სამინისტროს ვალდებულებას პროფესიული ჩართულობის, სტაჟირებისა და დასაქმების ხელშეწყობის საკითხებში. უნივერსიტეტი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს პროფესიულ კონსულტაციებს და დაეხმარება სამინისტროს თანამშრომლებს კვალიფიკაციის ამაღლებაში.
მემორანდუმის ხელმოწერამდე მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა.
ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს