წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის ქერის და ხორბლის მოსავალი მოვიდა. ფერმერების გათვლებით ქვეყანაში 200 000 ტონაზე მეტი მარცვლეულის ,მოსავალი აიღეს. გაზრდილი მოცულობების და შარშანდელთან შედარებით ფასის 5 თეთრიანი მატების მიუხედავად ფერმერები მოსავლის ჩაბარებას არ ჩქარობენ.
არსებული მონაცემებით ადგილობრივ ბაზარზე მოსავლის მხოლოდ 20%ია რეალიზებული. დაბალია წისქვილკომბინატებში ხორბლის ჩაბარების მაჩვენებელიც. კომპანია ბარაქას გენერალური დირექტორის ინფორმაციით, ბაზარზე კონკურენცია გაზრდილია და ფერმერები სასურსათეს ნაცვლად უპირატესობას საფურაჟე ხორბალს ანიჭებენ.
“დაახლოებით 200 000 ტონაზე მეტი მარცვლეულის მოსავალია აღებული, როგორც ფერმერებისგან გვაქვს ინფორმაცია, რაც წინა წლებთან შედარებით ბევრად მეტია,. თვითონ ხარისხობრივ მონაცემებს რაც რაც შეეხება, საწისქვილე და საფურაჟე ხორბლის გადანაწილება დაახლოებით 50-50%-ზეა, როგორც გვაქვს ინფორმაცია, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მთლიანი მოსავლის, დაახლოებით 80% დაბინავებულია, ჯერ ზუსტად ვერ ვამბობთ, რამდენი პროცენტი იყო სასურსათე და რამდენი პროცენტი იყო საფურაჟე ხორბალი.
რაც შეეხება მომართვიანობას, მინდა აღვნიშნო, რომ ყველა წინა წელთან შედარებით, მომართვიანობა ყველაზე დაბალი იყო, ჩაბარებასთან დაკავშირებით. მიზერული რაოდენობა გვაქვს წისქვილკომბინატებს ჩაბარებული გასულ წლებთან შედარებით, ეს იქიდან გამომდინარე, რომ ფერმერებმა დასაწყობება ამჯობინეს რეალიზაციას, რა თქმა უნდა, ეს მათი ბიზნეს გათვლაა. მივესალმებით თუ აიწევს საერთაშორისო ბაზარზე ფასი, რომ ფერმერებმა უფრო მაღალ ფასად გაყიდონ მარცვლეული,” - ამბობს კომპანია ბარაქას გენერალური დირექტორი ლადო ბიძინაშვილი.