„უფრო მეტად უნდა გაუმჯობესდეს ინფრასტრუქტურა; არის კვანძები, სადაც შეფერხებით მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი,“ - ამის შესახებ საგზაო ინფრასტრუქტურის ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი იზორიამ „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.

ინფორმაციისთვის, დღეს დილით უზვმა ნალექმა დედაქალაქის მასშტაბით ფაქტობრივად სატრანსპორტო კოლაფსი შექმნა. რიგ ქუჩებსა თუ გამზირებზე იყო წყლის გუბეები, მეტიც, წყალი მეტროსადგურში „სამედიცინო უნივერსიტეტი“ ჩავიდა, რის გამოც მოკლე დროით სადგური დაიკეტა...

თბილისისთვის, ისევე როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქისთვის არახალია ძლიერი წვიმების დროს ქუჩების დატბორვა თუ სანიაღვრე სისტემების პრობლემა.

როგორც ირაკლი იზორია „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, მსგავსი პრობლემები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია სატრანსპორტო კვანძებისა და ავტობუსების დამატება, ასევე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.

„წლებია ვლაპარაკობთ, რომ დედაქალაქი მიდის სატრანსპორტო პოლიტიკისკენ, რომელიც ორიენტირებულია მოქალაქეებზე, თუმცა, ვფიქრობთ, რომ უფრო მეტად უნდა გაუმჯობესდეს ინფრასტრუქტურა. ვხედავთ რომ, მოსაწესრიგებელია ინფრასტრუქტურული ნაწილი, არის კვანძები, სადაც შეფერხებით მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც. აუცილებელია გაიზარდოს ინფრასტრუქტურული ჩარევები, კვანძების გაზრდაა საჭირო, უნდა დაემატოს ავტობუსებიც. დიდი დიღმიდან დიდუბემდე ტრამვაის მშენებლობა იყო დაანონსებული, ეს მნიშვნელოვანი პროექტია, თუმცა, ვერ განხორციელდება 2-3 თვეში, ამას დასჭირდება დრო. თბილისის მერიის მიერ წარმოდგენილი პროექტებით, ვფიქრობ, შესაძლებელია რომ მოქალაქეებს უფრო მეტად კომფორტული გადაადგილების საშუალება შევუქმნათ.

თუმცა, დღეს ვხედავთ, რომ გადატვირთულია გაჩერებები, მოლოდინის რეჟიმი არის ძალიან დიდი, ხშირ შემთხვევაში მოქალაქეებს 10-15 წუთი უწევთ ლოდინი და ეს ყველაფერი არის შედეგი იმისა, რომ ქალაქი მეტად არის გასამართი ინფრასტრუქტურულად და დასალაგებელია საავტობუსე შემადგენლობები. ადრე იყო დაანონსებული, რომ მიკროავტობუსების გადასროლა მოხდებოდა პერიფერიებში, მაგრამ ვხედავთ, რომ ცენტრალურ გზებზე მაინც დადიან მიკროავტობუსები. უნდა მოხდეს ამ მიკროავტობუსების ამოღება და მხოლოდ სწრაფი ავტობუსებით უნდა იყოს ძირითადი მაგისტრალები დაქსელილი.

ის პროექტები, რომლებიც დაანონსებულია, კარგია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ განხორციელდეს და მხოლოდ დაპირება არ იყოს, რადგან ყველა ელოდება გამართულ, კომფორტულ, უსაფრთხო საზოგადოებრივ ტრანსპორტს“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ ირაკლი იზორია.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი