ქართული საიუველირო ნაწარმი ევროპულ ბაზარზე გაიყიდება. კომპანია "ზარაფხანა" რამდენიმე ქვეყანაში მცირე ზომის მაღაზიის გახსნას გეგმავს.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ "ზარაფხანას" აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე სამხარაძემ განუცხადა, პოტენციურ ბაზრებად დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და იტალია განიხილება. სარეალიზაციო ობიექტი კი ევროპულ ბაზარზე, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლომდე, ან 2026 წელს გაიხსნება.
„ვმუშაობთ ევროპაში რაღაცა ფორმით გასვლის საკითხზე. რამდენიმე ვარიანტს განვიხილავთ და დიდი ალბათობით, ეს იქნება მცირე ზომის, ბუტიკური ტიპის მაღაზია“, - აღნიშნა თორნიკე სამხარაძემ.
მისივე თქმით, ქსელის გაფართოების გარდა, "ზარაფხანა" საკოლექციო ხაზებსაც ამრავალფეროვნებს. კერძოდ, კომპანიამ უკვე დაასრულა მუშაობა სამკაულების ახალ ხაზზე, რომელიც მოდერნისტულია და უმეტესად, გათვლილია ახალგაზრდა მომხმარებელზე.
როგორც "ზარაფხანას" აღმასრულებელმა დირექტორმა განმარტა, აღნიშნულ საკოლექციო ხაზს მომხმარებელს სექტემბრის ბოლოს წარუდგენენ, გაყიდვები კი 1-ელი ოქტომბრიდან დაიწყება.