მურთაზ ზოდელავა არის პოლიტიკური პატიმარი,- ამის შესახებ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებს სუს-ში შესვლამდე განუცხადა, სადაც ოპოზიციონერ პოლიტიკოსი, მურთაზ ზოდელავაა მოთავსებული.

„ჩვენ ვნახეთ კადრები, რომელიც მკაფიოდ ადასტურებს, რომ არცერთ სისხლის სამართლით გათვალისწინებულ მუხლს ადგილი არ აქვს, მაგრამ ყველას გვესმის, რომ ამ შენობაში გადაწყვეტილებები მიიღება პოლიტიკური მოტივაციით და მურთაზი არის პოლიტიკური პატიმარი”,- განაცხადა ბასილაიამ და დაამატა, რომ  ზოდელავა არის დაუსაბუთებელი ბრალდების ქვეშ პატიმრობაში, შესაბამისად, ნებისმიერი ღონისძიება, რაც მის გათავისუფლებას ხელს შეუწყობს, უნდა იქნეს მიღებული. ადვოკატმა ბექა ბასილაიას თქმით, ამოცანაა უკანონოდ დაკავებული ადამიანის გათავისუფლება.

„საზოგადოებამ ნახა კადრები. სადაც ჩანდა, რომ მურთაზ ზოდელავას მხრიდან არავითარ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, 353-ე მუხლით, რაზეც თავიდან აპელირებდა სუს-ი, მისთვის ბრალდების წარდგენა იყო აბსოლუტურად წარმოუდგენელი, მაგრამ იმის გამო, რომ დაკავებული ჰყავთ და ეს დაკავება თითქოს რაღაც სამართლებრივ ჩარჩოებში მოაქციონ, გათავისუფლების ნაცვლად წარუდგინეს მას ბრალდება, რომელსაც, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვეთანხმებით, ეს არის სსკ-ის 364-ე მუხლის 1-ელი ნაწილი. რაც შეეხება აღკვეთ ღონისძიებას, ვნახოთ, რა შუამდგომლობით შევა პროკურატურა სასამართლოში. ჩვენი ამოცანა არის უკანონოდ დაკავებული ადამიანის გათავისუფლება. მურთაზ ზოდელავა არის დაუსაბუთებელი ბრალდების ქვეშ პატიმრობაში, შესაბამისად, ნებისმიერი ღონისძიება, რაც მის გათავისუფლებას ხელს შეუწყობს, უნდა იქნეს მიღებული. საერთოდ, ყველაზე სწორი იქნებოდა, რომ ბრალდება არ წარედგინათ და ისე გაეთავისუფლებათ“,- .განაცხადა ბექა ბასილაიამ.

შეგახსენებთ, ოპოზიციონერ პოლიტიკოს მურთაზ ზოდელავას, რომელიც ლევან ხაბეიშვილთან ერთად დააკავეს, ბრალი გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე წარედგინა.როგორც პროკურატურაში ბრიფინგზე განაცხადეს, პროკურატურა მურთაზ ზოდელავას მიმართ გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

„მურთაზ ზოდელავას ნაცვლად საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლისა, საბოლოოდ სსკ-ის 364-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება წარედგინა, რაც მოცემულ შემთხვევაში გულისხმობს საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით გამომძიებლის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევას. დანაშაული ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა სასამართლოსგან ლევან ხაბეიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას, ხოლო მურთაზ ზოდელავას მიმართ - გირაოს შეფარდებას მოითხოვს.საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - განაცხადეს პროკურატურაში.

რაც შეეხება, ლევან ხაბეიშვილის ადვოკატის პოზიციას,  ადვოკატ ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, დაკავებული ლევან ხაბეიშვილი, თავს მხნედ გრძნობს. ამის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებს სუს-ში ხაბეიშვილთან შესვლამდე განუცხადა.

მისი თქმით, ოჯახის წევრებს ხაბეიშვილთან არ შეატანინეს მაისური, რომელსაც ეხატა საქართველოს დროშა და ეწერა 4 ოქტომბერი

„საქართველოს არ ახსოვს, რომ პოლიტიკოსი დაეკავებინოთ პოლიტიკური განცხადებაზე. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ლევან ხაბეიშვილს თავიდანვე შეეზღუდა სამართლებრივი უფლებები, მას 6 საათის განმავლობაში არ მისცეს უფლება, რომ შეხვედროდა ადვოკატებს. მას ყველა უფლება შეუზღუდეს. მაისური, რომელზეც გამოსახულია საქართველოს დროშა, ოჯახის წევრებს არ შეაგზავნინეს. ლევან ხაბეიშვილს, საქართველოს ერთ-ერთ მთავარ მედროშეს, რომელსაც უნდოდა, რომ საქართველოს დროშა აეწია მაღლა ყველაზე ძლიერად, ეს მაისური არ შეაგზავნინეს რომ ჩაეცვა.

ლევან ხაბეიშვილი არის ძალიან ძლიერად, ძალიან მაგრად და ყველას მოუწოდებს, რომ არ შეეშინდეთ , რადგანაც თუ ერთ ადამიანს შეეძლო და შეუძლია ეს ყველაფერი, მას მილიონობით ადამიანი აუცილებლად შეძლებს“,- განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზეა დაკავებული. უწყების ცნობით, ლევან ხაბეიშვილის ქმედებაში იკვეთება დანაშაულის ყველა ნიშანი, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით და ის დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე. დანაშაული სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სუს-მა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავა “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილთან ერთად დააკავა.

სუს-ის ინფორმაციით, ზოდელავამ სცადა გაქცევა, რა დროსაც გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებს და იძალადა ერთ-ერთ მათგანზე.