აშშ „დიდი შვიდეულისა“ და ევროკავშირის ქვეყნებს რუსული ნავთობის შეძენის გამო ჩინეთისა და ინდოეთისთვის ტარიფების დაწესებისკენ მოუწოდებს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, „დიდი შვიდეულის“ ფინანსთა მინისტრებმა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების და იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, შესაძლო ტარიფების დაწესების საკითხი განიხილეს.

მინისტრები შეთანხმდნენ, რომ უკრაინის თავდაცვის დაფინანსების მიზნით გაყინული რუსული აქტივების გამოყენების შესახებ მოლაპარაკებები უფრო აქტიურად გაგრძელდება.

„მინისტრებმა რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების მიზნით შესაძლო ეკონომიკური ზომების ფართო სპექტრი განიხილეს, მათ შორის დამატებითი სანქციები და ტარიფები მათ წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის ომს ხელს უწყობენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა კოლეგებს განუცხადა, რომ იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთისგან ნავთობს ყიდულობენ აშშ-თან ერთად სანქციები უნდა დააწესონ.

„მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით, რომელიც პუტინის სამხედრო მანქანას შემოსავლებზე წვდომას შეუზღუდავს, შევძლებთ ამ უაზრო მკვლელობების დასასრულებად საკმარისი ეკონომიკური ზეწოლის დაწესებას“, - აღნიშნა ბესენტმა.