ესტონეთმა აღმოსავლეთ საზღვრის გასწვფრივ ფრენებზე დროებით შეზღუდვა დააწესა. ამის მიზეზი ლენინგრადის ოლქში რუსეთის ძალებისა და უკრაინული დრონების აქტივობა გახდა. ინფორმაციას ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
მედიის ცნობით, აღნიშნულ ზონაში საჰაერო სივრცე დახურული იქნება მომავალ კვირებში, ყოველდღიურად, საღამოს 20:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე 6 000 მეტრის სიმაღლემდე.
„ჩვენ მხოლოდ საავიაციო აქტივობის ნაწილს ვზღუდავთ. მარტივი ენით, ეს ნიშნავს, რომ ისინი, ვინც მოგვმართავენ და თავიანთ ქმედებებს დაასაბუთებენ, როგორც, მაგალითად, პოლიციისა და სასაზღვრო დაცვის დეპარტამენტმა გასულ ღამით გააკეთა, როდესაც დაკარგულ პირს ეძებდნენ დრონის გამოყენებით, შეძლებენ მუშაობის გაგრძელებას. ჩვენ აღნიშნულ ზომას მივმართეთ, რათა მონიტორინგის ოპერატორებს ნაკლები ობიექტი ჰქონდეთ დასაკვირვებლად. ხოლო თუ ინციდენტი მოხდება, მარტივი იქნება საჰაერო ხომალდების ზონიდან გაყვანა“, – განაცხადა ესტონეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაურმა, რიივო ვალგემ.
შეზღუდვა, მათ შორის, ჰელსინკი-ტარტუს ავიარეისს შეეხო.
შეგახსენებთ, აგვისტოს ბოლოს ტარტუს რაიონში ადგილობრივმა ფერმერმა დრონის ნამტვრევი აღმოაჩინა. პოლიცია არ გამორიცხავდა, რომ დრონი უკრაინული ყოფილიყო. უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმები განხორციელდა სანკტ-პეტერბურგში, ასევე ესტონეთის საზღვართან მდებარე ნავთობტერმინალზე.