IT სექტორის წარმომადგენლები კონკრეტულ შეღავათებს და ნებართვებს ითხოვენ. ICT ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და Lineate Georgia-ს ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი თორნიკე სულაბერიძე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში ამბობს, რომ ამ დარგის შემდგომი განვითარებისთვის აუცილებელია, ქვეყანაში შემოიღონ ე. წ „IT ბინადრობის“ უფლება, რაც განაპირობებს უფრო მეტი IT ტალანტის მოზიდვას საქართველოში, ასევე უკვე შემოსული ტალანტების შენარჩუნებას.

გარდა ამისა, სულაბერიძე აუცილებლად მიიჩნევს,რომ ის საგადასახადო შეღავათები, რომლითაც ამჟამად საქართველოში საერთაშორისო IT კომპანიები სარგებლობენ, ქართულ ტექნოლოგიურ კომპანიებზეც გავრცელდეს.

„ამას ეფექტი ექნება არამხოლოდ ტექნოლოგიური სექტორის კომპანიებზე, არამედ მთლიანად ეკონომიკაზე. დღეს, საერთაშორისო კომპანიებს არ აქვთ უფლება, რომ ადგილობრივ ბაზარს მოემსახურონ, ხოლო ქართული კომპანიები, რომლებიც ადგილობრივ ბაზარს ემსახურებიან, დამატებით 15%-იან გადასახადს იხდიან და ეს მათ მომსახურებას აძვირებს. ამიტომ, ბევრი ქართული ბიზნესი მიდის და  IT მომსახურებას საზღვარგარეთ ყიდულობს“, - განმარტავს თორნიკე სულაბერიძე.  

როგორც ცნობილია, 2020 წლის ბოლოდან საქართველოში "საერთაშორისო საწარმოს სტატუსის" მინიჭების კრიტერიუმები განისაზღვრა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ სტატუსს იღებენ ის კომპანიები, რომლებიც IT და საზღვაო სფეროში საქმიანობენ და საქართველოდან უცხოეთში აწვდიან IT სერვისს, ან ახორციელებენ საზღვაო გადაზიდვებს. ამ სტატუსის კომპანიები სპეციალური საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ. 

რაც შეეხება IT სექტორის ფინანსური განვითარების დინამიკას, 2024 წლის განმავლობაში, საქართველოს IT სექტორის შემოსავალი შემცირდა. ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, გასულ წელს, IT სექტორის საგარეო შემოსავალმა 688 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 12%-ით, ანუ 96 მილიონი დოლარით ნაკლები იყო.

დარგის ექსპერტები შემოსავლების წლიურ შემცირებას ელიან მიმდინარე წელსაც, თუმცა, ამბობენ, რომ ამაში საგანგაშო არაფერია.

ICT ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და Lineate Georgia-ს ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი თორნიკე სულაბერიძე ამბობს, რომ შემოსავლების კლება მოსალოდნელი იყო, რადგან გასულ წლებში, სექტორში არსებული ბუმი დიდწილად მიგრაციულ ეფექტს უკავშირდებოდა, რაც რუსეთ-უკრაინის ომის ფაქტორმა გამოიწვია. შესაბამისად, 2023 წელი პიკური იყო და ისტორიულ მაქსიმუმამდე, კერძოდ 784 მლნ დოლარამდე გაიზარდა IT სექტორის შემოსავალი. ახლა კი, მიგრაციული ბუმის ეფექტი უკვე ამოწურულია და ნელ-ნელა აიტი სექტორის შემოსავლები სტაბილიზაციისკენ მიდის.

შეგახსენებთ, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სფერო საქართველოს ეკონომიკის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სექტორი 2022 წელს, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გახდა, რაც რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან IT სპეციალისტების საქართველოში მიგრაციის ტალღას უკავშირდებოდა. იქამდე, საქართველოს ეკონომიკის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სფერო საფინანსო და სადაზღვევო სექტორი იყო, რომელიც ამჟამად მეორე პოზიციაზე იმყოფება.

წყარო: ბიზნესპარტნიორი