Helios Energy Georgia-ში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე რამდენიმე მზის ელექტროსადგურის პროექტზე მუშაობენ.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, თორნიკე დარჯანიამ  თქვა, Helios Energy Georgia-ს გეგმაშია, რომ მომავალ წელს მინიმუმ ჯამურად 20 მეგავატი სიმძლავრის კომერციული მზის სადგურები შეიყვანონ ექსპლუატაციაში

კომპანიაში ამბობენ, რომ ამის პარალელურად, მზის ენერგიის პროექტებზე ინვესტორებთან ერთადაც მუშაობენ. თორნიკე დარჯანიას თქმით, პროექტების 95% აღმოსავლეთ საქართველოშია თავმოყრილი.

“ჩვენ ამ ეტაპზე რამდენიმე მცირე ზომის, ორი მეგავატი სიმძლავრის მზის სადგურის პროექტი გვაქვს, რომლის მშენებლობასთან წელს დავიწყებთ და მომავალ წელს უკვე ექსპლუატაციაში შევიყვანთ. ამასთან, ჩვენ სხვა ინვესტორებთანაც ვმუშაობთ და მათთან ერთად გვაქვს ასეთი ტიპის პატარა სადგურები, რომლის ექსპლუატაციაში შეყვანაც მომავალი წლიდან იგეგმება. მომავალ წელს მინიმუმ 20 მეგავატის სიმძლავრის მზის სადგურებს შევიყვანთ ექსპლუატაციაში. ეს, რაც დადასტურებულია.

თუმცა, ამასთანავე ვმუშაობთ სხვადასხვა ინვესტორებთან და ვნახოთ, გამოვა თუ არა მათი პროექტების განხორციელება მომავალ წელს. იმიტომ, რომ აქ საკმარისი არაა ის ფაქტორი, რომ მემორანდუმი და მიწა გაქვს. საკმაოდ [რთულია] დაფინანსების მოპოვება ქართული ბანკების, საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დროს საჭიროებს და პროექტები შედარებით უფრო გაწელილი არის, ვიდრე მაგალითად ნეტო აღრიცხვის პროექტები, რომლებსაც მივეჩვიეთ, რომ ძალიან სწრაფად ვაშენებთ

ამ პროექტების 95% აღმოსავლეთ საქართველოშია თავმოყრილი, იქიდან გამომდინარე, რომ აღმოსავლეთ საქართველოს უფრო მაღალი გენერაცია აქვს და ამასთან, პროექტების განხორციელებაც უფრო მარტივია, რადგან ამ მხარეს მეტ-ნაკლებად უფრო გაუმჯობესებული ენერგეტიკული ქსელი გვაქვს”, - განაცხადა თორნიკე დარჯანიამ.

bm.ge