ყოფილი კომუნისტური ბლოკის ორი მოკავშირე ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ ისწრაფვის - რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, კვირას ღამით, მოსკოვიდან ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანის მიმართულებით, პირველი პირდაპირი რეისი შესრულდა.
ტრანსპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „სტაბილური მოთხოვნის ჩამოყალიბებამდე“, რეისები, თავდაპირველად, თვეში ერთხელ განხორციელდება .
რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია“-ს ცნობით, რვასაათიან რეისს ბოინგ „777-200ER“-ი შეასრულებს, რომელსაც 440 მგზავრის გადაყვანა შეუძლია. ბილეთები 44 700 რუბლი (563 დოლარი) ღირს და პირველ რეისზე სწრაფად გაიყიდა.
რუსეთის სამოქალაქო ავიაციის ორგანომ („როსავიაცია“) კომპანია „ნორდვინდ ეარლანსს“ მოსკოვსა და ფხენიანის შორის კვირაში ორჯერ რეისების განხორციელების ლიცენზია მისცა.
1990-იანი წლების შუა პერიოდის შემდეგ, რეგულარული რეისები ორ დედაქალაქს შორის პირველად ხორციელდება. მას წინ უსწრებდა ივნისში მოსკოვი-ფხენიანის 10-დღიანი სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლის განახლება.
რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ერთადერთი პირდაპირი საჰაერო მარშრუტი აქამდე ჩრდილოეთ კორეის ავიაკომპანია Air Koryo-ს მიერ, კვირაში სამი რეისით, რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, კერძოდ კი ქალაქ ვლადივოსტოკში ხორციელდებოდა.
უკრაინა და მისი დასავლელი მოკავშირეები ჩრდილოეთ კორეას რუსეთისთვის საარტილერიო და ბალისტიკური რაკეტების მიწოდებაში ადანაშაულებენ. მოსკოვი და ფხენიანი ბრალდებებს უარყოფენ.
ფხენიანმა 10 000-ზე მეტი ჯარისკაცი და დიდი რაოდენობის იარაღი გაგზავნა რუსეთში, უკრაინაში მოსკოვის სამხედრო კამპანიის მხარდასაჭერად. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ამ თვეში განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის, უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებისკენ მიმართულ მოსკოვის ძალისხმევას „უპირობოდ დაუჭიროს მხარი“.
წყარო: 1 არხი