ჩინელი და ინდოელი ტურისტების პროფილი ტრადიციული ბაზრებისგან განსხვავდება. ამის შესახებ „გალტ ენდ თაგარტის“ კვლევაში წერია.

„ინდოეთიდან ტურისტების ამჟამინდელი სეგმენტი მეტწილადდაბალბიუჯეტურია, საბანკო ბარათების ანალიზით. ინდოელი ტურისტების ხარჯვა ყველაზე მეტადაა კონცენტრირებული დაბალბიუჯეტურ ტრანზაქციებზე როგორც FMCG ობიექტებში, ისე რესტორნებსა და საყიდლებში.

ინდოეთის ბაზრის მასშტაბის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, უფრო მაღალმხარჯველი სეგმენტის მოზიდვა ეკონომიკური სარგებლის მაქსიმიზაციის და ინფრასტრუქტურული ცვეთის მინიმიზაციის მიზნით. მნიშვნელოვანია საქმიანი და ღონისძიებებზე ორიენტირებული ვიზიტების მეტი წახალისება (კონფერენციები, ფორუმები, ქორწილები).

ჩინელი ტურისტი ინდოელზე მეტად მსყიდველუნარიანია, თუმცა ჯგუფურად მოგზაურობა მას სასტუმროებთან ფასების მოლაპარაკების მეტ ბერკეტს აძლევს. ჩინეთიდან ვიზიტორების 31% საქართველოს სახმელეთო გზით ტოვებს, რაც მათი ენობრივი ბარიერების გათვალისწინებით, კავკასიის რეგიონში ჯგუფურად ორგანიზებულ ტურებზე მიუთითებს.

ინდოელი ტურისტებისგან განსხვავებით, ჩინელი ტურისტები ნაკლებად ინტერესდებიან ადგილობრივი კულტურული ღირსშესანიშნაობებით - არ ფიგურირებენ არც ერთი დაცული ტერიტორიის ტოპ ვიზიტორებში“, - ვკითხულობთ „გალტ ენდ თაგარტის“ მიმოხილვაში.

bpn.ge