„ჯერ არ არის აქტიური სეზონი, მაგრამ ბევრი გიდი უკვე დატვირთულად მუშაობს“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ „საქართველოს ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის“ თავმჯდომარემ, გიორგი თეთრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გარკვეულწილად დაიწყო ქვეყანაში ტურისტების შემოდინება, თუმცა ჯერჯერობით ყველა გიდი დატვირთულად ვერ მუშაობს.

„ჯერ არ არის აქტიური სეზონი, მაგრამ ბევრი გიდი უკვე დატვირთულად მუშაობს, დაიწყო ტურისტების შემოდინება, თუმცა რომ გითხრათ, რომ ყველა დატვირთულია, ასე არ არის, მაგრამ, ასე თუ ისე, მაინც მუშაობენ“, - აღნიშნავს გიდი.

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, რომ ქვეყანაში აზიელი ტურისტების რაოდენობამ იმატა, ევროპიდან კი ვიზიტები შემცირებულია.

„იმ ტურისტების ნაკადმა კი არ მოიკლო, ვინც ევროპიდან მოდის, აზიელების ნაკადი გაიზარდა ძალიან“
თეთრაძის თქმით, ევროპიდან კი არ იკლო ტურისტების რაოდენობამ, არამედ აზიიდან დაფიქსირდა მკვეთრი მატება, რის გამო, ტურიზმში ევროპელი ტურისტების წილი შემცირებულია.

„იმ ტურისტების ნაკადმა კი არ მოიკლო, ვინც ევროპიდან მოდის, აზიელების ნაკადი გაიზარდა ძალიან. ამის ფონზე შეიძლება ითქვას, რომ ევროპელი ტურისტების ნაკადი შემცირებულია პროცენტულად, თუმც არა იმის ხარჯზე, რომ ისინი არ ჩამოდიან“, - ამბობს გიორგი თეთრაძე.

ტურისტულ ჯგუფებში გიდები ხშირად წერენ იმის შესახებ, რომ ზოგიერთი მათი კოლეგა ზედმეტად დაბალი ფასებით მუშაობს, რაც ბაზარზე არაკონკურენტულ გარემოს ქმნის.

თეთრაძე ამბობს, რომ ზოგი გიდი შესაძლოა, დემპინგური ფასების დამკვიდრებას ცდილობდეს, მაგრამ ფართო ჭრილში ამას დიდი გავლენა არ აქვს.

„ამას ვერ გავამართლებ, მე პირადად გიდი ვარ, ვმუშაობ, ფასი არ დამიგდია, ვმუშაობ იმ თანხაზე, რომელზეც ადრე ვმუშაობდი. რომელიმე გიდი შესაძლოა, ცდილობს დემპინგური ფასების შემოტანას, მაგრამ ეს დიდ გავლენას არ ახდენს ფასწარმოქმნაზე. თუმცა, მიუხედავად ამისა, შეიძლება ითქვას, რომ ამ კუთხით პრობლემაა, მაგრამ ისეთი, რომ მასშტაბური სახე ჰქონდეს, არაა“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ გიორგი თეთრაძემ.

შეგახსენებთ, 2025 წლის 1-ელ კვარტალში საერთაშორისო მოგზაურების მიერ განხორციელებული ვიზიტები წლიურად 1.1%-ით გაიზარდა და 1.314 მლნ-ს გადააჭარბა. 2024 წლის იმავე პერიოდში განხორციელებული იყო 1.3 მლნ ვიზიტზე მეტი.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი