„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ძირითად პარტნიორებთან დიალოგი და ურთიერთობების გადატვირთვა, რადგან, ამ შემთხვევაში, ღიად უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან სასურველ ნიშნულზე არ იყო, განსაკუთრებით, წინა ადმინისტრაციის ბოლო პერიოდში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ვითარება შეიცვალოს და მეორე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი - როგორც საქართველო, ისე ამერიკის შეერთებული შტატები პრაგმატულად დაინტერესებულნი არიან, რომ ეს ურთიერთობები იყოს უფრო მეტად მჭიდრო და ურთიერთხელსაყრელი“ - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ აშშ-ში განხორციელებული ვიზიტი შეაფასა.
როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ზუსტად ამაზე იყო აქცენტი და დიალოგი ვიზიტის ფარლებში. მისი თქმით, ამ თემის გარშემო მიმდინარეობს პარტნიორებთან დიალოგი, რომ თანამშრომლობა უფრო მეტად ურთიერთხელსაყრელი გახდეს.
„ეს რაციონალური და პრაგმატული მიდგომა აბსოლუტურად მისაღებია აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისთვის, ჩვენთვისაც ასევე ძალიან მკაფიო, ძალიან საინტერესო და გასაგებია“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მისივე შეფასებით, მიუხედავად ბევრი სპეკულაციისა, მიმდინარე დიალოგი არის ძალიან პოზიტიური და ძალიან ბევრ საკითხში არის პოზიციების თანხვედრა ახალ ადმინისტრაციასთან.
„ვფიქრობ, რომ ახალ ადმინისტრაციასთან ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის ძალიან დიდი პერსპექტივა, მე ამის იმედი მაქვს. ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან კონკრეტულ ეკონომიკურ ინიციატივებზე, რომლებიც, როგორც აღვნიშნე, უნდა იყოს ურთიერხელსაყრელი და ზუსტად ამაზე კეთდება აქცენტი, რომ ჩვენ გვექნება უფრო მჭიდრო თანამშრომლობა და ეს იქნება საქართველოსა და ამერიკის ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.