Tesla–მ უარყო ინფორმაცია, რომ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ილონ მასკის მემკვიდრის ძებნა დაიწყო, როგორც ამას გუშინ „Wall Street Journal“ იტყობინებოდა. გამოცემამ ოთხშაბათს, წყაროებზე დაყრდნობით, დაწერა, რომ Tesla-ს დირექტორთა საბჭო რამდენიმე აღმასრულებელი დირექტორის საძიებო ფირმას დაუკავშირდა.
WSJ-ის ცნობით, კომპანიის დირექტორთა საბჭო უკმაყოფილოა იმით, რომ ილონ მასკი ძალიან ბევრ დროს ხარჯავს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში მუშაობაში და ძალიან ცოტას კომპანიაში. გარდა ამისა, მასკის საქმიანობამ მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტში (DOGE) და, კერძოდ, მის მიერ განხორციელებულმა სამთავრობო თანამშრომლების მასშტაბურმა გათავისუფლებებმა მილიარდერის პოპულარობას დაარტყა და, შედეგად, Tesla-ს გაყიდვების მკვეთრი კლება და კომპანიის აქციების ფასის ვარდნა გამოიწვია.