სასამართლომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისთვის 9000-მდე ბიტკოინის გადახდა დააკისრა - მოსამართლემ ივანიშვილის სარჩელი დააკმაყოფილა.
ე.წ. ბიტკოინების საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილს სასამართლომ 11-წლიანი პატიმრობა 10 მარტს მიუსაჯა. ბაჩიაშვილმა ქვეყანა 2 მარტს დატოვა და საქართველოში არ იმყოფება.
გიორგი ბაჩიაშვილს პროკურატურამ მანამდე ახალი ბრალდება წარუდგინა - მას სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ედავებოდნენ - პროკურატურა ბაჩიაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, ხოლო ადვოკატის, ლევან მახარაშვილის თქმით, ეს პროცედურა საჭირო იყო, რათა შემდეგ ბაჩიაშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადებულიყო.
4 მარტს, გიორგი ბაჩიაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ საქართველო დატოვა. ბაჩიაშვილის თქმით, ქვეყნის დასატოვებლად "სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანები" გამოიყენა.
ამავე დღეს, ბაჩიაშვილის საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა, რომ ბაჩიაშვილის მიერ საქართველოს დატოვების საკითხზე გამოძიება დაიწყება.
როგორც სადრაძე ამბობს, ბრალდების მხარის ნებართვის გარეშე ბაჩიაშვილს არ ჰქონდა საზღვრის კვეთის ნებართვა, ასევე ჩამორთმეული ჰქონდა პასპორტიც.
საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის ე.წ. ბიტკოინების საქმეზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა დახურულ პროცესზე 17 თებერვალს გამოიკითხა.
სხდომაზე თურნავამ განაცხადა, რომ "ყველაფერი სრულიად კანონიერია, ჩვენ ყოველთვის ბანკებს ვუწესებთ სანქციებს და ჯარიმას, როდესაც ეს აუცილებელია".
ბაჩიაშვილის მტკიცებით, "არანაირ ინვესტიციაზე საუბარი არ ყოფილა" და ივანიშვილს მხოლოდ სესხის სახით დახმარება სთხოვა, რომელიც შემდეგ გადაიხადა.
5 თებერვალს, ე.წ. ბიტკოინების საქმეზე ბიძინა ივანიშვილმა სასამართლოს ჩვენება დისტანციურად, დახურულ სხდომაზე მისცა.
2023 წლის ივლისში საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის (იმ პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარის ღირებულების) ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა. გიორგიბაჩიაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
გიორგი ბაჩიაშვილი 2013-2019 წლებში იკავებდა ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდში აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას. 2019 წლის მაისიდან, ის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა.
საქართველოს თანაინვესტირების ფონდში მუშაობის დაწყებამდე ბაჩიაშვილს ეკავა აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის თანამდებობა საპარტნიორო ფონდში. იქამდე კი ბიძინა ივანიშვილის Unicor Management Company-ის ფინანსური დირექტორი იყო. ეს კომპანია რუსეთში ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს მას შემდეგ გაყიდა, რაც საქართველოში პოლიტიკური კარიერის დაწყებაგადაწყვიტა.
2025 წლის 23 იანვარს, ე.წ. ბიტკოინების საქმეზე ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც ბაჩიაშვილმა თქვა, რომ თავისუფლების სანაცვლოდ, "ივანიშვილმა გასულ შემოდგომას სისხლის სამართლებრივი მუქარის ქვეშ 5 000 ბიტკოინის გადახდა მოსთხოვა ყოველთვიურად."
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, თემო წიქვაძემ გავრცელებულ განცხადებაში დაადასტურა, რომ ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატთან კომუნიკაცია ჰქონდა და დისკონტის სახით კონკრეტული რაოდენობის ბიტკოინების გადახდა შესთავაზა.