„ეს რიცხვებით მანიპულირება და ადამიანების შეცდომაში შეყვანაა“ , - ასე აფასებს „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას Gnomon Wise-ის მკვლევარი ეგნატე შამუგია „ქართული ოცნების“ განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოს ევროკავშირის რიგ ქვეყნებზე უკეთესი ნომინალური მსყიდველუნარიანი ეკონომიკა ექნება 2030 წლისთვის.

კერძოდ, 23 აპრილს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სავალუტო ფონდის მონაცემები და დაწერა შემდეგი: „2030 წელს საქართველოს ნომინალური მსყიდველუნარიანი ეკონომიკა 159 მილიარდ 758 მილიონი საერთაშორისო დოლარი გახდება. 2030 წელს საქართველოს ექნება უფრო დიდი ნომინალური მსყიდველუნარიანი ეკონომიკა ვიდრე ევროკავშირის და შენგენის ზონის 7 ქვეყანას: ლუქსემბურგს, სლოვენიას, ისლანდიას, მალტას, კვიპროს, ლატვიას და ესტონეთს“.

საქმე იმაშია, რომ ამ ანგარიშის მიხედვით, ნომინალური მსყიდველუნარიანობის მხრივ 2030 წელს საქართველოს მართლაც ექნება ჩამოთვლილ ქვეყნებზე მაღალი მაჩვენებელი, თუმცა ნომინალური GDP per capita გიჩვენებს დოლარებში შემოსავალს და არ ითვალისწინებს ამა თუ იმ ქვეყანაში თუნდაც ინფლაციის მაჩვენებელს.

იმის გასაგებად, თუ როგორია ამა თუ იმ ქვეყანაში ცხოვრების დონე უნდა შევხედოთ PPP GDP per capita-ს, რომელიც გიჩვენებს, რეალურად რამდენი საქონლისა თუ მომსახურების ყიდვა არის შესაძლებელი არსებული შემოსავლებით ერთი მოქალაქისთვის. ამ კუთხით სავალუტო ფონდის მონაცემები აჩვენებს, რომ 2030 წელს საქართველოს ევროკავშირის ჩამოთვლილ ყველა ქვეყანაზე ნაკლები მაჩვენებელი ექნება.

უფრო კონკრეტულად, მონაცემები აჩვენებს, რომ 2030 წელს საქართველოს მოქალაქის საშუალო მსყიდველუნარიანობით გათვლილი წლიური შემოსავალი 43 434 აშშ დოლარის ეკვივალენტი იქნება, რაც ლუქსემბურგის მოქალაქის მაჩვენებელს 3.9-ჯერ ჩამოუვარდება. კერძოდ მონაცემები ასეთია:

  • ლუქსემბურგი - 170 006 დოლარი;
  • მალტა - 94 199 დოლარი;
  • ისლანდია - 91 269 დოლარი;
  • კვიპროსი - 81 445 დოლარი;
  • სლოვენია - 71 962 დოლარი;
  • ესტონეთი - 60 323 დოლარი;
  • ლატვია - 56 022 დოლარი;
  • საქართველო - 43 434 დოლარი.

ეგნატე შამუგია აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკური ინდიკატორების შედარება განვითარებული ქვეყნების მაჩვენებელთან არასწორია. მისი თქმით, შედარება უნდა მოხდეს ისეთ სახელმწიფოებთან, რომელსაც საქართველოს მსგავსი ინდიკატორები აქვს.

„მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის რიცხვებით მანიპულირება და ადამიანების შეცდომაში შეყვანა. საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების შედარება განვითარებად ეკონომიკებთან არასწორია, იქიდან გამომდინარე, რომ ერთმანეთს უნდა შედარდეს მსგავსი ტიპის ეკონომიკები. თუ შედარება გვინდა, შეგვიძლია საქართველოს ეკონომიკა შევადაროთ სომხეთს, რომელიც ეკონომიკის ზომით, მოსახლეობის რაოდენობით, ეკონომიკის სტრუქტურით, საერთო ეკონომიკური და ისტორიული წარსულითა და ერთ რეგიონში ყოფნით, ჩვენი მსგავსი ქვეყანა“, - აცხადებს შამუგია „ბიზნესპრესნიუსთან“.

ინფორმაციისთვის, სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 9.4%-ით გაიზარდა და 91.9 მილიარდი ლარი (დაახლოებით 33.7 მლრდ აშშ დოლარი) შეადგინა. სომხეთის მშპ კი ამავე პერიოდში 5.9%-ით გაიზარდა და 25.5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ამავე სტატისტიკის თანახმად, საქართველოში 2024 წლის ბოლოს ინფლაციის მაჩვენებელი 1.9%-ს შეადგენდა, სომხეთში კი 1.5%-ს. აღსანიშნავია ისიც, რომ 2024 წელს საქართველოს მოქალაქის საშუალო მსყიდველუნარიანობით გათვლილი წლიური შემოსავალი 28 258 დოლარის ეკვივალენტი იყო, ხოლო სომხეთის 23 360 დოლარის.

რაც შეება ევროკავშირს, IMF-ის მონაცემებით, 2024 წელს ევროკავშირის მშპ 1.1%-ით გაიზარდა და 19.4 ტრილიონი დოლარი შეადგინა, ინფლაცია კი 2.6%-იან ნიშნულზე იყო. ამავე პერიოდში ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეების მსყიდველუნარიანობა წელიწადში 62 315 დოლარი იყო, იმაზე 2.2-ჯერ მეტი, ვიდრე საქართველოს და 2.7-ჯერ მეტი, ვიდრე სომხეთის მოქალაქეების.

www.bpn.ge