„ტურიზმის სექტორი არ იყო მზად, რომ ევროპული ბაზრიდან ნახტომი აზიურ ბაზარზე გაგვეკეთებინა,“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ჰოტელიერმა მაია მურაჩაშვილმა ისაუბრა.
„დემპინგური ფასები, რომლითაც კერძო სექტორი გამოდის, ემორჩილება აზიური ბაზრის მოთხოვნებს. სამწუხაროდ, ტურიზმის სექტორი არ იყო მზად, რომ ევროპული ბაზრიდან ნახტომი აზიურ ბაზარზე გაგვეკეთებინა.
აზიის მოქალაქეებს ძალიან კარგი სავაჭრო უნარები აქვთ, რომლითაც ჩვენ ჯერჯერობით ვერ გამოვირჩევით, ამისთვის მზად არ ვიყავით. აქედან გამომდინარე, ძალიან დემპინგური ფასები წავიდა და ჩემი მიმართვა, რომ ვკლავთ ტურიზმს იყო ზუსტად ჩვენს კერძო სექტორთან. მაღალი - 5 ვარსკვლავიანი სასტუმროებიც, ბრენდულიც და არაბრენდულიც გამოირჩევიან ისეთი დემპინგური ფასებით, რომლებიც რიგ შემთხვევაში კონკრეტულ ჯგუფებსა და ქვეყნებზეა გათვლილი.
ტურიზმის ადმინისტრაციამ თქვა, რომ ჩვენი ძირითადი ბაზრები წელს არის ჩინეთი და ინდოეთი, რაც თავის მხრივ გულისხმობს, რომ ძირითადი მიზნები არის აზია და აზიური მიმართულება. ამის დადებითი მხარე რა არის? ისტორიამ და სტატისტიკამ გვაჩვენა, რომ ევროპელი ტურისტი საქართველოში მხოლოდ რამდენიმე თვე მოგზაურობს. ზამთრის თვე-ნახევარი, როდესაც სასრიალოდ დადის და ზაფხულის 3 თვე, როდესაც ზაფხულის ტურებზე მოგზაურობს. სხვა დროს ეს ხალხი საქართველოში არ დადის, სამაგიეროდ აზიურ ბაზარზე - ჩინელებსა და ინდოელებზე იმავეს ვერ ვიტყვით. ისინი 12 თვის მანძილზე, სეზონურობის გარეშე დადიან. ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის, რომელშიც ტურიზმის კონტრიბუციას მშპ-ზე დიდი მნიშვნელობა აქვს, საჭიროა ამ ბაზრების კარგად ათვისება,“ - განაცხადა მურაჩაშვილმა.