„ქართველი დამსვენებლების მიერ თურქეთის სანაპიროების მიმართ მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა, გაზრდილია ფასებიც“, - აცხადებს „ბიზნესპრესნიუსთან“ „გამყვანი ტურიზმის ასოციაციის“ დამფუძნებელი და კომპანია „კლარკ რობინსის“ აღმასრულებელი დირექტორი, მამუკა კელაურაძე.
კელაურაძის თქმით, საშუალო სტატისტიკურ 5-ვარსკვლავიან სასტუმროში 2-კაციანი დასვენება 2 000 ევროს ფარგლებში ჯდება.
„თურქეთის სანაპიროების მიმართ ქართველი დამსვენებლების მოთხოვნა დინამიკურია და პერიოდულ ცვლილებებს განიცდის. მაგალითად, იყო მონაკვეთი, როცა მოთხოვნა მცირე იყო, რის გამოც ფასებიც დააკლეს, თუმცა არის საპირისპირო მოცემულობებიც.
სტაბილური და ძალიან აქტიური პერიოდი აგვისტოს შუა რიცხვებიდან 10 სექტემბრამდეა, როცა რეისებზე ადგილები პრაქტიკულად არ არის და ფასიც საკმაოდ ძვირია. ბილეთებზე უდიდესი მოთხოვნაა და მათი დიდი ნაწილი კარგა ხნით ადრე იყიდება. ასევე, ქართველების გარდა, მოთხოვნაა აზერბაიჯანელი და სომეხი დამსვენებლებისგანაც. ასე რომ, ეს პერიოდი ცალსახად ყველაზე აქტიურია.
რაც შეეხება უშუალოდ წლევანდელ სეზონს, მოთხოვნა კვლავ სერიოზულია და, შარშანდელთან შედარებით, გაზრდილიც არის. გაზრდილია ფასებიც, თუმცა, ამას მასშტაბური სახე ნაკლებად აქვს და განსაკუთრებულ ხელისშემშლელ ფაქტორად ვერ ჩაითვლება.
ზოგადად, არის 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები, რომლებშიც შეიძლება 2 კაცზე, ფრენა-ცხოვრების ვარიანტით, 1 000 ევროდ დაისვენო და ისეთებიცაა, 20 000 ევრო რომ დაგიჯდება. თუკი შუალედურ ვარიანტებზე ვისაუბრებთ, წლევანდელი მონაცემებით, 5-ვარსკვლავიან საშუალო ხარისხის სასტუმროში ორკაციანი დასვენება 2 000 ევროს ფარგლებში ჯდება“, - აღნიშნა კელაურაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“.