მას შემდეგ რაც  საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, გერმანიის მიმართულებით, სადაც EURO 2024 უნდა გაიმართოს, ტურისტულ ტურებზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. როგორც ჩვენთან საუბრისას ტურისტულ კომპანია „ოკ თრეველში“ აცხადებენ მატჩზე დასწრების მსურველები დილიდანვე უკავშირდებიან,  თუმცა ოკ თრეველში ამ ეტაპზე ტურის ფასების დასახელებისგან თავს იკავებენ.

„ტურის შედგენის პროცესში  ვართ, ჯერ ტურის  ღირებულებას  ვერ  გეტყვით, რადგან  სასტუმრო, ღამეების რაოდენობა  და  ავიაბილეთი განაპირობებს  ფასს“ - აცხადებენ „ოკ თრეველში“.

ტურისტულმა კომპანია „ჩექინ თრეველმა“ - დორტმუნდის ტური უკვე გამოაქვეყნა,  ტურის  ღირებულება, რომელშიც შედის ავიაბილეთები თბილისიდან , ხელბარგი 3 კგ, სასტუმრო შესაბამისი ტიპის კვებით ან კვების გარეშე , სამოგზაურო დაზღვევა, მატჩზე დასასწრები ბილეთი - მთლიანობაში 3120 ლარი და 3625 ლარი ღირს, ფასის  ცვლილებას ამ  კონკრეტულ შემთხვევაში სასტუმრო განაპირობებს.

საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და  ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. ევროპის ჩემპიონატი  გერმანიაში 14 ივნისს დაიწყება, საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთთან, ჩეხეთთან და პორტუგალიასთან ერთად მოხვდა

საქართველოს ნაკრების კალენდარი ასე გამოიყურება:
18 ივნისი, ქალაქი დორტმუნდი, „სიგნალ იდუნა პარკი“ - თურქეთი – საქართველო;
22 ივნისი, ქალაქი ჰამბურგი, „ვოლკსპარშტადიონი" - საქართველო – ჩეხეთი;
26 ივნისი, ქალაქი გელზენკირხენი, „არენა აუფ შალკე“ - საქართველო-პორტუგალია.