სასტუმრო Buxus Hotel Shekvetili-ს მენეჯერმა თინათინ ბერიძემ "ბიზნესპარტნიორთან" ზაფხულის სეზონი შეაფასა და აღნიშნა, რომ გასულ თვეებში სასტუმრომ 100%-იანი დატვირთულობით იმუშავა.
მისი თქმით, დამსვენებლების ძირითადი ნაწილი რუსეთიდან და ასევე, სომხეთიდან იყვნენ.
"აქტიური სეზონი გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო სრულად სავსე იყო, წინა წელთან შედარებით, მოთხოვნა შემცირებული იყო. აღნიშნულს ამინდს ვუკავშირებთ, რადგან ცუდი ამინდების გამო მომხმარებლები ზღვაზე დასვენებისგან თავს იკავებდნენ.
ამჟამად, 50%-იანი დატვირთულობა გვაქვს, თუმცა დამსვენებლების ტენდენიცია შეიცვალა. თუ ზაფხულის პერიოდში დამსვენებლების უდიდესი ნაწილი უცხოელი იყო, ახლა ქართველები არიან.
რაც შეეხება ფასებს - წინა წელთან შედარებით, ფასები არ გაგვიზრდია. ვფიქრობ, რომ ჩვენი დამსვენებელი მაღალ მხარჯველუნარიანი არ არის, მაგრამ საშუალო სეგმენტს მიეკუთვნება", - აცხადებს თინათინ ბერიძე.
სასტუმრო Buxus Hotel Shekvetili 35 სასტუმრო ნომერს და ღია აუზს მოიცავს. Buxus Hotel Shekvetili შეკვეთილში სანაპირო ზოლზე მდებარეობს.