მამაკაცთა შორის ფეხბურთში წლის მთავარი ინდივიდუალური ჯილდოს, France Football-ის „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული „პარი სენ-ჟერმენის“ ფრანგი თავდამსხმელი უსმან დემბელე გახდა. მეორე ადგილი „ბარსელონას“ ესპანელმა შემტევმა, ლამინ იამალმა დაიკავა.

28 წლის ფეხბურთელმა „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად გასულ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა, საფრანგეთის თასი და უეფა-ს სუპერთასი მოიგო. ყველა ტურნირზე ჩატარებულ 53 შეხვედრაში მან 25 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ აქამდე ის არასდროს ყოფილა ნომინირებული „ოქროს ბურთისთვის“ მებრძოლ 30 ფეხბურთელს შორის.

დემბელე გახდა მეექვსე ფრანგი ფეხბურთელი, რომელმაც წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მიიღო – აქამდე ტიტულს რაიმონ კოპა, ჟან-პიერ პაპენი, მიშელ პლატინი, ზინედინ ზიდანი და კარიმ ბენზემა დაეუფლნენ.

მეოთხედ ისტორიაში პრიზი გათამაშდა სეზონის (2024 წლის 1 აგვისტოდან 2025 წლის 13 ივლისის პერიოდი) და არა კალენდარული წლის შედეგების მიხედვით. ხმის მიცემაში მონაწილეობა მიიღეს ფიფა-ს რეიტინგის ასეულში მყოფი ქვეყნების სპორტულმა ჟურნალისტებმა.

გათამაშების ორგანიზატორმა, France Football-მა ასევე გამოავლინა წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელიც. ზედიზედ მესამედ, ეს ჯილდო „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს, აიტანა ბონმატის ერგო.

2025 წლის „ოქროს ბურთის“ ნომინანტებს შორის მე-12 ადგილზე გავიდა ხვიჩა კვარაცხელია. ქართველმა ფეხბურთელმა თავისი შედეგი გააუმჯობესა, 2023 წელს ის მე-17 იყო.

1tv.ge