დედამიწიდან დაახლოებით 40 სინათლის წლის მანძილზე მდებარე სისტემა TRAPPIST-1-ის ერთ-ერთი პლანეტა შეიძლება სიცოცხლისთვის ხელსაყრელ ატმოსფეროში იყოს გახვეული.

ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ ეგზოპლანეტა TRAPPIST-1e-ზე ჩატარებული ახალი დაკვირვებები აჩვენებს, რომ ის ჩვენი პლანეტის მსგავსად არის გახვეული აირების საბურველში, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ზედაპირზე თხევადი წყლის შენარჩუნებას.

მიუხედავად იმისა, რომ აღმოჩენა ჯერ ორაზროვანია და შემდეგ დაკვირვებებს საჭიროებს, ის ყველაზე ახლოს დგას მიზანთან, რომელსაც ასტრონომები მეორე დედამიწის პოვნას უწოდებენ.

„TRAPPIST-1e სასიცოცხლო ზონაში მდებარე ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ პლანეტად რჩება. ახალ შედეგებს ერთი ნაბიჯით ახლოს მივყავართ იმის დადგენასთან, რეალურად რა სახის პლანეტაა ის. მტკიცებულებები მიუთითებს, რომ მას ვენერას ან მარსის მსგავსი ატმოსფერო არ უნდა ჰქონდეს“, — ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასტრონომი სარა სიგერი.

მზის სისტემის მიღმა სიცოცხლისთვის ხელსაყრელ პლანეტათა ძებნაში, დედამიწა ასტრონომთა ნიმუშია. იმიტომ, რომ დედამიწა მთელ სამყაროში დღემდე ერთადერთ პლანეტად რჩება, რომელზეც ვიცით, რომ სიცოცხლე აღმოცენდა და აღორძინდა.

დედამიწის მსგავსი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მახასიათებელი, რომელსაც ასტრონომები ეძებენ, არის უნარი, პლანეტამ თხევადი წყალი შეინარჩუნოს — მასალა, რომელიც გადამწყვეტია ბიოქიმიური პროცესებისათვის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პირველი ნაბიჯია ისეთი ეგზოპლანეტების პოვნა, რომლებიც თავის ვარსკვლავისგან ხელსაყრელი მანძილით არიან დაშორებული, მოძრაობენ ზონაში, სადაც არც ისე ცივა, რომ წყალი გაიყინოს და არც ისე ცხელა, რომ აორთქლდეს.

TRAPPIST-1-ის პლანეტური სისტემა 2016 წელს აღმოაჩინეს და მყისიერად გახდა აღფრთოვანების მიზეზი. ამ წითელი ჯუჯა ვარსკვლავის გარშემო შვიდი კლდოვანი პლანეტა მოძრაობს, რომელთაგან რამდენიმე ამ ვარსკვლავის სასიცოცხლო ზონაშია მოქცეული.

მაგრამ არსებობს მეტი კრიტერიუმი, რომელიც უნდა დააკმაყოფილო. იმისათვის, რათა წყალი თხევადი დარჩეს და არ სუბლიმირდეს, როგორც ეს სიცოცხლისათვის ხელსაყრელ ტემპერატურაზე ხდება ვაკუუმში, საჭიროა, ეგზოპლანეტას ჰქონდეს ატმოსფერო.

სწორედ აქ ხდება TRAPPIST-1 სისტემა ცოტა რთული. წითელი ჯუჯა ვარსკვლავები მზეზე გაცილებით გრილებია, რის გამოც, მათი სასიცოცხლო ზონა ვარსკვლავთან უფრო ახლოს არის. ამას გარდა, წითელი ჯუჯა ვარსკვლავები გაცილებით უფრო აქტიურია, ვიდრე მზის მსგავსები. ახასიათებთ სასტიკი ამოფრქვევები, რამაც შეიძლება მასთან ახლომდებარე პლანეტას ატმოსფერო მთლიანად გააცალოს.

ვრცლად პირველ არხზე