28 აგვისტოს ევრობასკეტის გახსნით მატჩში საქართველოს ნაკრები ესპანეთს ეთამაშება. შეხვედრა თბილისის დროით 16 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.
თამაშის წინა დღეს ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სერჟიო სკარიოლომ ჩვენს გუნდზე საინტერესოდ ისაუბრა.
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ნაკრებმა ერთხელ უკვე დაგვამარცხა. ახლაც კარგი გუნდია. განსაკუთრებით ძლიერი წინახაზელები ჰყავს. ჩვენზე დიდები არიან სიმაღლეშიც და წონაშიც. ამიტომ განსაკუთრებული მობილიზება გვჭირდება, რომ ქართველები ფარქვეშ არ შევუშვათ.
მახვილგონივრულად უნდა ვითამაშოთ მათი უმაღლესი დონის NBA-ს კალათბურთელებისა და ძალიან კარგი ამერიკელი გამთამაშებლის წინააღმდეგ. ფლანგებზეც კარგი კალათბურთელები ჰყავთ. საქართველო ძალიან გამოცდილი გუნდია, არაერთი კალათბურთელი ესპანეთის ჩემპიონატს წარმოადგენს, მათ შორის გიორგი შერმადინი, რომელიც უკვე ლეგენდაა.
ვფიქრობ, თანაბარი თამაში იქნება და იმედი მაქვს, ჩვენი გამარჯვებით დასრულდება“.