ასტროფიზიკოსები მძლავრ რადიოსიგნალებს მათ მშობლიურ გალაქტიკებამდე, თითქმის დროის საწყისამდე მიჰყვნენ და განსაზღვრეს, სად იმალება სამყაროს ნაკლული მატერია.

გალაქტიკებს შორის სივრცეში, რომელიც იმდენად გაუხშოებულია, რომ საკუთარი თვალით ვერასოდეს ვნახავთ, მატერია მაინც დაცურავს იმ რაოდენობით, რომ სწრაფ რადიოანთებებში (FRB) დავაფიქსიროთ; ამ რადიოტალღებს სივრცე-დროში 500 მილიონი მზის ენერგია მიაქვთ.

ეს ტალღები წარმოადგენს ერთ-ერთ საზომს, რომელსაც წვლილი შეაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრაში — სად იმალება სამყაროს ნორმალური მატერიის ნახევარი, რომელსაც მეცნიერები უკვე ათწლეულებია, ამაოდ ეძებენ.

„უკვე ათწლეულებია არსებობს „ნაკლული ბარიონის პრობლემა“, რომელიც არასოდეს ყოფილა დაკავშირებული მატერიის არსებობასთან. საკითხი ყოველთვის ასე იდგა: სად არის ის? ახლა კი, სწრაფი რადიოსიგნალების (FRB) წყალობით, ვიცით: მისი სამი-მეოთხედი გალაქტიკებს შორის დაცურავს კოსმოსურ აბლაბუდაში“, — ამბობს ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკური ცენტრის ასტროფიზიკოსი ლიამ კონორი.

ნორმალური მატერია ბარიონული ნაწილაკებისგან შედგება და სამყაროს მატერია-ენერგიის შემადგენლობის მხოლოდ ხუთ პროცენტს შეადგენს. მისგან შედგება ყველაფერი, რასაც პირდაპირ ვხედავთ — ვარსკვლავები, გალაქტიკები, პლანეტები, მტვერი, შავი ხვრელები, გაზი და ჩვენც, ადამიანებიც კი.

დიდი აფეთქების შემდეგ დარჩენილი ნათების, ე. წ. კოსმოსური მიკროტალღური ფონის წყალობით, ცნობილია, რა ოდენობის ბარიონული მატერია იყო ყველაფრის დასაწყისის პერიოდში. როდესაც ასტრონომებმა ეს ოდენობა შეადარეს ცაში ხილული მატერიის ოდენობას, გაჩნდა უზარმაზარი შეუსაბამობა — იქ მხოლოდ იმის ნახევარია, რაც რეალურად უნდა იყოს.

ბოლო წლებში, ნაკლული მატერიის ნიშნები გამოჩნდა გალაქტიკებს შორის არსებულ თითქმის ცარიელ სივრცეში. იქ მატერია იმდენად გაუხშოებულია, რომ ჩვენს ინსტრუმენტებს მისი დაფიქსირება არ ძალუძს; მაგრამ რამდენიმე წლის წინ, ასტრონომებმა აღმოაჩინეს, რომ იქ მაინც საკმარისი მატერიაა იმისათვის, რათა სწრაფი რადიოსიგნალების (FRB) მილიწამური სიგნალები გაჭიმოს.

FRB-ები თავადაც უზარმაზარი საიდუმლოა. როგორც სახელიც მიუთითებს, ისინი ძლიერ სწრაფი, ძლიერ ფეთქებადი ანთებებია უკიდურესად მძლავრი რადიოტალღებისა და მხოლოდ წამის რაღაც ნაწილს გრძელდება. ამჟამინდელი საუკეთესო ახსნის მიხედვით, ისინი მაგნეტარებიდან იფრქვევა.

რაც არ უნდა წარმოქმნიდეს, ისინი ცის ყველა ნაწილიდან მოდიან, უზარმაზარი მანძილებიდან. დაფიქსირებულთა შორის ყველაზე შორეულმა, ჩვენამდე მოსაღწევად 9,1 მილიარდი წელიწადი იარა, სხვებმა შედარებით ან უფრო ცოტა. კონორმა და მისმა კოლეგებმა 60 FRB შეისწავლეს, დეტალურად გამოიკვლიეს თითოეული სიგნალი და მათში ეძებდნენ ნიშნებს იმისა, გამოიარეს თუ არა დედამიწამდე მომავალ გზაზე ბარიონულ მატერიაში.

ვრცლად პირველ არხზე