მორიგი დიპლომატიური უთანხმოების ფონზე, აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრომ გააუქმა ღონისძიებები, რომლებიც რუსეთთან თანამშრომლობით იგეგმებოდა.

აზერბაიჯანულ მედიას სამინისტროში უთხრეს, რომ გადაწყვეტილების მიზეზი არის ქალაქ ეკატერინბურგში რუსული სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილი უკანონო მკვლელობები "ეთნიკური ნიშნით".

გაუქმდა კონცერტები, სპექტაკლები, ფესტივალები, გამოფენები და სხვა სახის კულტურული ღონისძიებები, რომელთა ორგანიზება რუსეთთან ერთად იგეგმებოდა. ასევე, გაუქმდა მილი მეჯლისის, ანუ აზერბაიჯანის პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი, რომელიც რუსეთში უნდა გამართულიყო.

ცნობისთვის, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის მორიგი დიპლომატიური უთანხმოება 28 ივნისს დაიწყო. 27 ივნისს ეკატერინბურგში აზერბაიჯანის რამდენიმე მოქალაქე დააკავეს. გავრცელებული ცნობების მიხედვით, დაკავებულები დაკავშირებული იყვნენ იუნის პაშაევის მკვლელობის საქმესთან, რაც 2001 წელს მოხდა. Ura.ru-ს ცნობით, რეიდების დროს მოკვდა ორი ადამიანი. აზერბაიჯანის მოქალაქეების წინააღმდეგ მოწყობილი რეიდების გამო ბაქოში, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული და მას მომხდართან დაკავშირებით "კატეგორიული პროტესტი" გამოუცხადეს. ასევე უთხრეს, რომ რუსეთისგან საქმის "დაუყოვნებლივ გამოძიებასა" და დამნაშავეების "უმოკლეს დროში" დასჯას ელოდნენ.

РБК-სთან საუბარში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ დაკავებული აზერბაიჯანელები ფიგურირებდნენ 2001, 2010 და 2011 წელს მომხდარ მკვლელობებში.