აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა, მხარი დაუჭიროს ირანის წინააღმდეგ სანქციების გაუქმებას. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
დონალდ ტრამპის თქმით, აშშ ჯერჯერობით ინარჩუნებს სანქციებს ირანის წინააღმდეგ.
„ისინი თუ შეასრულებენ თავიანთ სამუშაოს, თუ ისინი მშვიდობიანი იქნებიან და შეძლებენ, გვაჩვენონ, რომ აღარ გამოიწვევენ ზიანს, მე მოვხსნი სანქციებს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის მხრიდან განხორციელებული დარტყმების შედეგად ირანის ბირთვული პროგრამა „განადგურდა ისე, როგორც აქამდე არავის უნახავს“.
„ეს ნიშნავდა მათი ბირთვული ამბიციების დასასრულს, სულ მცირე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში“, – აღნიშნა ტრამპმა.
დონალდ ტრამპის თქმით, ირანელებმა თავდასხმამდე ვერ მოასწრეს მაღალი გამდიდრებული ურანის გატანა ფორდოს ბირთვული ობიექტიდან.
„ეს ძალიან რთული და საშიში საქმე იყო. ურანი ძალიან მძიმეც არის. გარდა ამისა, ჩვენ არ გავაფრთხილეთ ისინი წინასწარ – მათ მხოლოდ ბოლო წუთებში გაიგეს, რომ მოვდიოდით“, – აღნიშნავს დონალდ ტრამპი.
დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანი მხოლოდ რამდენიმე კვირაში მოახერხებდა ბირთვული იარაღის შექმნას, ახლა კი ეს შეუძლებელია.